„ერთი დიდი მოლოდინი გვაქვს და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ამ კვირის ბოლოს. ჩვენ ამაყად, ეროვნული ინტერესების და ღირებულებების დაცვით შევძლებთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბევრი სამუშაოა გაწეული.
„ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სექტორულ რეფორმებს ითვალისწინებს და მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისკენაა მიმართულება. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს ათი ათასობით მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილებულიყო ევროპის ქვეყნებში, თავისუფლად ესწავლა, თავისუფლად ეწარმოებინა ბიზნესი და თავისუფალი მიმოსვლა ჰქონოდა. ეს ასევე არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოს ბიზნესისთვის თავისუფლად ივაჭრონ ევროპის მნიშვნელოვან ბაზარზე. ეს მიღწევები მარტივი არ ყოფილა. ამას დასჭირდა წლები და ეს წლები ხასიათდებოდა როგორც საქართველოს ლიდერობის წელი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველო უპირობო ლიდერი იყო და ამას ყველა აღიარებდა, თუმცა ეს საკითხი არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან დადებითი შეფასების საგანი არასდროს ყოფილა.
„ყველას დადებითი, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით, დამსახურებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, ამას დიდი შიშით ელოდება ოპოზიცია, რადგან მათ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის და მოინდომეს, გაემიჯნათ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისგან. ახლა, როდესაც ყველა ოფიციალური პირი, რომელიც ევროკავშირიდან გამოეხმაურა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კვირის ბოლოს იყო უნდა იქნას მიღებული და ყველამ დააფიქსირა, რომ უზარმაზარია პროგრესი და იმ გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ მარტო, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, ამ პირობებში, ისინი უკვე ცდილობენ, რაღაცნაირად გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილეები. გახდნენ თანამონაწილე იმ დიდი გამარჯვებისა და შედეგისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“. დიახ „ქართულმა ოცნებამ“ ამ შედეგს მიაღწია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დიახ, ჩვენ ამაყად, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენ ღირებულებების დაცვით, შევძლებთ რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.