logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძე ოპოზიციას: შედეგებს, თუ ვის პარტიაშია დაპირისპირება, ვის ენგრევა თავზე პარტია, ვისი რეიტინგი უახლოვდება ნულს, 2024 წლის ოქტომბერში ერთად დავითვლით
- +

12 დეკემბერი. 2023. 15:16

 

 

„ბოლო წლის განმავლობაში ოპოზიცია ბევრს ეცადა და  აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა მოსახლეობის მოსატყუებლად და ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  რიმა ბერაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

 

რიმა ბერაძის თქმით, ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ  და ხალხის მხარდაჭერამ ოპოზიციის იმედი რევოლუციის თაობაზე საბოლოოდ დაამსხვრია.

 

„ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგა, იყო სწორი და მომავალზე ორიენტირებული. შედეგიც სახეზეა. ჩვენ ახლა ველოდებით კანდიდატის სტატუსს და  15 დეკემბერს, ქართველ ხალხთან ერთად  ვაპირებთ, ვიზეიმოთ ეს დიდი მონაპოვარი“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.  

 

მან საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შეიტანა. საუბნო კომისიის 8 წევრი იქნება ნეიტრალური ადამიანი - ის პირები, რომლებიც თავად გამოთქვამენ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილს, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აირჩევიან საოლქოების მიერ. მიზანმიმართული სიცრუეა თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო კომისიებში ხელისუფლება საჯარო მოხელეების ჩართვას და ამით მათ მოსყიდვას ცდილობს.  სიცრუეა, რომ კომისიები უკვე დაკომპლექტებულია. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა საარჩევნო საკითხებში,  ყველამ ვიცით და თქვენც იცით, რომ საუბნო კომისიები არჩევნების გამოცხადების შემდეგ კომპლექტდება და სულ რაღაც 1 თვე ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ არ მიგიღიათ მონაწილეობა ამ საკანონმდებლო ცვლილების ფორმირებაში, კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი კომისიების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“, - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას რიმა ბერაძემ.

 

მისი თქმით, ოპოზიციას უკვე დაწყებული აქვს არჩევნების „გაშავების“ კამპანია.

 

„იცოდეთ, რომ თქვენი ეს წამოწყებაც ისევეა განწირული, როგორც დასრულდა თქვენ მიერ აგორებული რუსეთუმეობის კამპანია.  არჩევნებისთვის ხელისუფლება განსაკუთრებულად ემზადება: მყარ და სამართლიან საკანონმდებლო ბაზას ამზადებს. ამის მაგალითია რამდენიმე დღის წინ ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებაც, რომელიც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსებას აკრძალავს. საბოლოო ჯამში,  თქვენი ევროპული „ვოიაჟები“ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ უშედეგო აღმოჩნდა, რამაც ისე დაგაზარალათ,  ვერცერთი წლის არჩევნებში ვეღარ შეძლებთ მხარდაჭერის მოპოვებას ქართველი ხალხისგან. შედეგებს, თუ  ვის პარტიაშია  დაპირისპირება, ვის ენგრევა თავზე პარტია, ვისი რეიტინგი უახლოვდება ნულს, 2024 წლის ოქტომბერში ერთად დავითვლით“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner