საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგსა და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გამგებელი მოადგილეებთან ერთად დღეს ო. ჭილაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ამ მისამართზე გზის კაპიტალური კეთილმოწყობა მიმდინარეობს. შემსრულებელმა კომპანიამ უკვე დაასრულა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და ამჟამად გრუნტის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. ასფალტი აქ 4,100მ2 ფართობზე დაიგება. ტროტუარებზე ასასვლელი კი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განუცხადა, რომ პროექტები ხელშეკრულებით დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და შეფერხებები ამ ეტაპზე არ არის.
„ჩვენ გასულ წელს დავგეგმეთ, რომ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების რამდენიმე მკვეთი ქუჩა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო მოგვეწესრიგებინა და ამ პირობას ვასრულებთ კიდეც. ამჟამად, ექვს ასეთ ობიექტზე ვაწარმოებთ გზის კეთილმოწყობას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას, სხვა შემთხვევაში გზის საფარი დაზიანებისაგან დაცული ვერ იქნება. ამ ობიექტზეც დაგვხვდა ასფალტგადაგებული ხუთი ჭა, რომლის მოწესრიგებაზეც შემსრულებელმა კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა", - განუცხადა ადგილობრივებს ბექა მიქაუტაძემ.
გამგებელი კიდევ ერთი მიმდინარე პროექტს გაეცნო. პეკინის N17ა-ში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. შეხვედრას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რადგან სანიაღვრე სისტემის მოწყობის პარალელურად, აქ უბანში მთლიანად იცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა. პროექტის დასრულების შემდეგ, ამ ქუჩაზე არსებულ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მტკივნეული პრობლემა მოგვარდება. ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს საბურთალოს რაიონის გამგებელსა და „ჯივიპის" ხელმძღვანელობას ასეთი მასშტაბური სამუშაოების განხორციელებისათვის.