მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც მარტის აქციაზე დაკავებული აცხადებს, რომ „არაფერს ნანობს“. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გრიგორიადისის ნათქვამს „უკიდურეს ცინიზმს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს ბრალის დამამძიმებელი გარემოებაა.
„ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, რომლებიც ამას ამართლებენ. მოლოტოვის კოქტეილები რაღაც ბანერებზეც კი დახატეს, დაასურათეს და მიდიოდა ამის გამართლება. შესაბამისად, ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ამის ავტორის ცინიკური დამოკიდებულება, რაც არის უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხარო.
დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის (თუ მიუსჯის ასეთს სასამართლო), გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი“, - აცხადებს მდინარაძე.
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი აცხადებს, რომ „არაფერს ნანობს“.
მან გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსის“ კითხვებს უპასუხა. გრიგორიადისი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.