"ჩვენ ვამბობთ, კი - ადამიანის უფლებებს თავიდან ბოლომდე, უალტერნატივოდ, არა- ლგბტ პროპაგანდას და პროვოკაციას. ეს არის მარტივი ფორმულა და საქართველოს მოქალაქე ამ ფორმულის დარღვევას არასდროს დაუშვებს, შეეგუოს „ფორმულაც“ და ყველა ნაცი, მათთან დაკავშირებული თუ არადაკავშირებული, "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროპაგანდას პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ და რადიკალიზმის არც ერთ მიმართულებას არ უნდა მივცეთ განვრცობის საშუალება.
„ჩემი აზრით, ამ საკითხის ულტრა-რადიკალურად გადაწყვეტა ცალკე პრობლემას წარმოადგენს იმიტომ, რომ თუკი არის რადიკალური გზის ფორმები, მგონია, რომ როგორც ლიბერალური მიმართულებით, ასევე კონსერვატიული მიმართულებით რადიკალიზმი არც ერთი მისაღები არ უნდა იყოს. მე მაგალითად, როგორც ერთ ადამიანს, პოლიტიკოსს მირჩევნია, პროპაგანდას პროპაგანდით დავუპირისპირდეთ იმიტომ, რომ როგორც კი მსგავსი ინიციატივების ოდნავ მაინც დაზიანებაზე წავა ლაპარაკი, იმ წუთას გადააკეთებენ და შეიძლება ნაწილობრივ შეძლონ კიდეც და დააჯერონ ხალხი, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების დახოცვა უნდათ. პირიქით, ჩვენ ვამბობთ: ადამიანის უფლებებს კი, რა თქმა უნდა და უალტერნატივოა იმიტომ, რომ მე არ მომწონს რადიკალიზმი, თუნდაც კონსერვატიული მიმართულებით, სადაც ამბობენ, რომ ეს ხალხი ამოსაძირკვია. არა, უფლებები ყველასი უნდა დავიცვათ, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე არ მომწონს ლიბერალური რადიკალიზმი, რომლის მიხედვითაც ეს პროპაგანდა უნდა იყოს თავისუფალი, შემოგვაპარონ გარკვეულ სერიალებში და ასეთი ბინძური მცდელობები ჰქონდეთ. ერთიც დამაზიანებელია და მეორეც. რადიკალიზმის არც ერთ მიმართულებას არ უნდა მივცეთ განვრცობის საშუალება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.