"სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ასევე, გრძელდება, სახელმწიფო დაფინანსებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უგამოცდოდ ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმაში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წელს ამ შესაძლებლობით 235-მა სტუდენტმა ისარგებლა.
„ამასთან, აფხაზეთის რეგიონიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში დამატებით 6 ახალგაზრდა ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხა, ხოლო, 4 ახალგაზრდა - ცხინვალის რეგიონიდან, 1+4 პროგრამის საფუძველზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული სკოლისშემდგომი მოსამზადებელი პროგრამისა და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიმართულებით. ამასთან, ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების ინტერესები, საჭიროებები და სასწავლო პროცესში ინტეგრაციის დინამიკა.
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი პროგრამებისა და სერვისების გამარტივებული, სტატუს-ნეიტრალური გზით გამოყენების შესაძლებლობების თაობაზე ინფორმაციის ერთი ფანჯრის პრინციპით შეთავაზებას ემსახურება ერთიანი საინფორმაციო პორტალი. მისი შემუშავების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პორტალი მომხმარებელზე მორგებული, მარტივი და ვფიქრობ საინტერესო სახელმძღვანელოა, რომელიც, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი“, - აცხადებს მინისტრი.