„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა 2002 წელს შალვა ნათელაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტის დათმობის სანაცვლოდ 900 ათასი დოლარი გადაუხადა",-ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს" ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა, სოსო შატბერაშვილმა განუცხადა.
გამოცემასთან შატბერაშვილი პარტიიდან მისი წამოსვლის რეალურ მიზეზებზე, ნათელაშვილის ანგარიშზე მოულოდნელად დარიცხულ კოლოსალურ თანხებზე, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დათმობასა და კორუფციულ გარიგებებზე ღიად საუბრობს.
შატბერაშვილი ნათელაშვილს თანამებრძოლების გამყიდველს, „ნაციონალურ მოძრაობასთან" შეკრულს უწოდებს.
„ნათელაშვილმა 2002 წელს გაყიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და ამაში აიღო 350 ათასი დოლარი. სხვა მონაცემებით - 900 ათასი დოლარი. ეს მონაცემები მოვიდა ჩვენამდე. გვარსაც გვისახელებენ, თუმცა ვერ დავასახელებ. ის იყო ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი.
ნათელაშვილს აქვს საოცარი უნარი, მოატყუოს ნებისმიერი ადამიანი. მან მოგვატყუა ჩვენც. ისე შეგვიფუთა საკრებულოს თავმჯდომარის დათმობის ფაქტი, რომ ჩვენ მას დავუჯერეთ. როდესაც რევოლუცია მოხდა, ჩვენ აღმოვჩნდით დიდი პოლიტიკის მიღმა და ჩვენი რეიტინგიც დასრულდა. ნათელაშვილს საერთოდ არ ეტყობოდა რამე სევდა, ძალიან კმაყოფილი იყო. ასეც იქნებოდა, რადგან თურმე მის ანგარიშზე კოლოსალური თანხები იდებოდა.
ერთხელ მისმა შინამოსამსახურემ ისიც კი გვითხრა, სახლის დალაგების დროს, ბელა ალანიას გახსნილ ჩანთაში ჩავიხედე და 900 ათასი ფრანგული ფრანკის ჩეკი დავინახეო", - განაცხადა შატბერაშვილმა.
პარტიის ყოფილი წევრი 2007 წელს ნათელაშვილის წინააღმდეგ შპიონაჟის ბრალდებით აღძრულ საქმეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მოულოდნელად სააკაშვილის პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა და ის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, მაშინ როდესაც ოპოზიციის საერთო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იყო.
„როცა ნათელაშვილის მიმართ საქმე აღიძრა, ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ძალოვანის სახლში იმალებოდა. ამ დროს ოპოზიცია პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებდა.
ტელევიზიით გამოდის სააკაშვილი იმავე საღამოს და აცხადებს: ნათელაშვილს შეუძლია სარდაფიდან გამოვიდეს და კენჭი იყაროს პრეზიდენტადო. მართლაც, გამოჩნდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტად. ესეც გარიგება ყოფილა იმისთვის, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია" დაშლილიყო. ვერ ვიჯერებდით, რადგან დღე და ღამე სააკაშვილის გინებაში იყო.
ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სიაში აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც ვანო მერაბიშვილის ნათესავი იყო - გვარად თედორაძე. ადრე ჩვენი პარტიიდან გავრიცხეთ „ნაციონალებთან" თანამშრომლობის გამო. როდესაც ამ პიროვნების შესახებ კითხვა დავსვით, ნათელაშვილმა გვითხრა, ის არის სერიოზული ბიზნესმენი, სამხრეთ საქართველოს გაზიფიკაციის ხელმძღვანელი და ის დაგვიფინანსებს საარჩევნო კამპანიასო. ასეც მოხდა - უცებ პარტიის ანგარიშებზე გაჩნდა სერიოზული შემოწირულობები, სხვა გვარებით.
ამას ის არც მალავდა. 2-3 ბიზნესმენი ყოველთვის იწერებოდა, რომელიც საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ეს არც ერთი პარტიისთვის არ არის უცხო. ნათელაშვილის არგუმენტი ასეთი იყო: საარჩევნო კამპანია მილიონ ლარამდე ჯდება და ეს ფული მე საიდან მოვიტანოო", - აცხადებს სოსო შატბერაშვილი.
ამასთან, სოსო შატბერაშვილი ამბობს, რომ 2008 წელს ნათელაშვილი მატერიალურად ძალიან გაძლიერდა.
„უცებ 2008 წლის შემდეგ იწყება მისი წარმოუდგენელი ქონებრივი აღზევება - ყიდულობს ოთხოთახიან ბინას სპორტის სასახლესთან, რომლის რემონტში იხარჯება წარმოუდგენელი თანხები. ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, გვიყვება: მარტო უნიტაზი ხუთჯერ გამოგვაცვლევინა ქალბატონმა ბელა ალანიამო. ყიდულობს რამდენიმე მანქანას -„მერსედესის" ჯიპს, „ტოიოტა პრადოს" და „S" კლასის, ლიმუზინის მსგავს „მერსედესს", აკეთებს ესკორტს და ბაზალეთში იწყება ოთხსართულიანი სასახლის მშენებლობა თავისი ასტროფიზიკის ობსერვატორიით მეხუთე სართულზე. ერთ-ერთი მუშამ მოგვიყვა, რომ უძვირფასესი მარმარილოთი და გრანიტით ხდებოდა იატაკის, კიბეების, საცურაო აუზებისა და ბუხრების მოპირკეთება. შეუკვეთა ლიფტი, რომლის ფასიც 45 ათასი ევროა. გაოგნებულები დავრჩით",- აღნიშნა ნათელაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის" მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში შატბერაშვილი ამტკიცებს, 2011 წლის 17 ოქტომბრიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო მისი დაფინანსება. მისი თქმით, ეს ის თარიღია, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა.
„არადა, 2007 წელს, როდესაც ნათელაშვილი თავის საპრეზიდენტო კამპანიას ახორციელებდა, ის ამბობდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზებდა პრემიერის პოსტს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო, როდესაც მან 2011 წლის 17 ოქტომბერს მოაწყო აქცია ივანიშვილის სახლთან. თურმე მაშინ ამერიკაში საქართველოს ელჩისგან, კახა ლომაიასგან მიუღია მითითება ამ აქციაზე. ეს ყველაფერი ჩვენს ზურგს უკან ხდებოდა და იმის ნაცვლად, სააკაშვილის წინააღმდეგ გვებრძოლა, პირიქით, მისი დამცველები გამოვდიოდით.
2013 წლის 6 იანვარი იყო, მოვიწვიეთ პოლიტსაბჭოს სხდომა და მას პირზე დავაყენეთ ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ ისრაელის მოქალაქემ, ანატოლი მოტკინმა მას მიუტანა 5 მილიონი იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენს პარტიას უნდა ელანძღა ბიძინა ივანიშვილი და ყველა პარტია, რომელიც კოალიციაში იყო გაერთიანებული. ჩვენს თვალწინ უთხრა, რომ მას დაწყებული ჰქონდა ამ ფულის გავახშება - ხელშეკრულებები დავუდეთ წინ, როგორ აპროცენტებდა ფულს მისი ოჯახის წევრი", - განაცხადა შატბერაშვილმა.