"სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრიორიტეტის ფარგლებში ძალისხმევა მიმართული იყო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, სამეწარმეო უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმაში გამოსვლისას განაცხადა.
„ამ მიზნით:
• განხორციელდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის ფარგლებში, 120-მდე სოფლის 5000-მდე წარმომადგენელს მათთვის გასაგებ ენებზე მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და ეკონომიკური საქმიანობის მხარდამჭერი სხვა შესაძლებლობების შესახებ.
• სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ამოქმედებით, სოციალური დახმარების შესახებ ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის.
• ასევე, შესაძლებელი გახდა დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მშობლიურ ენაზე მიღება, დასაქმების სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლობებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით. შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დასაქმდა 69, ხოლო ქვემო-ქართლში - 154 სამუშაოს მაძიებელი. აღნიშნულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 1000-მდე ადგილობრივი მოქალაქე ჩაერთო დასაქმების პროგრამის საზოგადოებრივ სამუშაოებში.
• სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესზე პოზიტიურად აისახება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის, შიდა გზების, წყლის სისტემების, გარე განათების რეაბილიტაციის, სკვერებისა და სპორტული სივრცეების მოწყობის მიმართულებით. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დასრულდა/მიმდინარეობს 75 მლნ. ლარის, ქვემო ქართლში - 350 მლნ. ლარის, ხოლო კახეთში - 65 მლნ. ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
• გრძელდება „1+4 სტაჟირების პროგრამის“ შემდგომ განვითარებაზე მუშაობა, მისი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.
კულტურათაშორისი დიალოგის პრიორიტეტის სტრატეგიული ამოცანები მიმართულია კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის, გაზიარებისა და განვითარებისკენ, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო-სპორტული ღონისძიების მხარდაჭერის გზით:
• სახელმწიფო დაფინანსებით ხელშეწყობილია სხვადასხვა ეთნოსის მუზეუმების და თეატრების საქმიანობა, ისევე როგორც სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებები, მათ შორის ეთნო-კულტურისა და ტრადიციების ურთიერთგაზიარების მიზნით.
• ინტერკულტურული კომუნიკაციის გაღრმავებას უწყობდა ხელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 200-ზე მეტი ახალგაზრდის ჩართულობა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკების ფარგლებში.
მსურს ხაზი გავუსვა, რომ პოლიტიკის ფარგლებში დანერგილი არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის და პროექტის განხორციელების შედეგად, ეტაპობრივად უმჯობესდება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხი. ჩვენ უწყვეტად გავაგრძელებთ მიზანმიმართულ და თანამიმდევრულ საქმიანობას, რაც არსებული საჭიროებების გადაჭრის კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება.
აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ 2024 წელს დაგეგმილია სტრატეგიის პირველი შუალედური შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ - დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გაიზომება პროგრესი, რაც უაღრესად საპასუხისმგებლო პროცესია როგორც შემდგომი საქმიანობის მიზნობრივი დაგეგმვისა და ეფექტიანად წარმართვის, ასევე პოლიტიკის დინამიკის ზეგავლენის და რესურსების ეფექტიანი განაწილების თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულების ჭრილში.
მომავალ წელს, ასევე გათვალისწინებულია სტრატეგიის პრიორიტეტებთან დაკავშირებული თემატური კვლევების ჩატარება, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის იმპლემენტაციის სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულად გაანალიზების, კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისად, ეფექტიანობის ამაღლებისთვის, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.