„ევროკომისიის დირექტივა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში, ან ორგანიზაციაში უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიის მთავარი პრინციპები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ დემოკრატიის დაცვის პაკეტის მიღებას.
„ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გარკვეული პოლიტიკის წარმოებაში, აქვთ სურვილი, რომ ზეგავლენა იქონიონ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მოქალაქეებზე ეფექტი ექნებათ, მათ უნდა უზრუნველყონ ღიაობის მაქსიმალური სტანდარტი, რომ ყველამ იცოდეს, რით ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები და შესაბამისად, რა ინტერესებია ამ ორგანიზაციების უკან. ცხადზე ცხადია, რომ ის პროექტი, რომელიც თავის დროზე იყო ინიცირებული ჩვენს ქვეყანაში ზუსტად ამ მიზნებს ემსახურებოდა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროდირექტივით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით.