logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჯერ უნდა დავიბრუნოთ ადამიანები. ამაზე დიდს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ
- +

13 დეკემბერი. 2023. 11:42

 

 

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე 135-მა ადამიანმა ხომ გადაწყვიტა, რომ პროექტი დაწეროს, გრანტი მიიღოს, ბიზნესი აწარმოოს და საქართველოს სახელით, საქართველოს დამღით გაყიდოს თავისი პროდუქცია. ეს არის უზარმაზარი საქმე და სწორედ ეს არის, რაც აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მან მადლობა გადაუხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიან გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ პირველ რიგში სწორედ ისეთი პროექტებით მოხდება ჩვენი მოძმე აფხაზებისა და ოსების დაბრუნება, რომლებიც მათთან ერთობლივად და მათთვის ხორციელდება.

 

„2004 წლამდე ცხინვალში პოლიტიკური სიტუაცია, რა თქმა უნდა, იყო მოუგვარებელი - არსებობდა ომის ჭრილობები, მაგრამ ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის დალაგებული იყო.  აქტიური კომუნიკაცია არსებობდა, თბილისის ბაზარში დადიოდნენ, ერგნეთის ბაზრობა ხომ ყველას თავშეყრის ადგილი იყო. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის საწყის პერიოდში ეს ყველაფერი ინერციით კიდევ გრძელდაბოდა, მაგრამ 2004 წლიდან გაჩერდა, ყველაფერი ჩაიკეტა, 2008 წლის ომმა კი ყველაფერს ხაზი გადაუსვა.

 

დღეს ამ ურთიერთობების აღდგენა ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ურთიერთობების გარეშე არაფერი გამოვა. არადა არ განირჩეოდა, სად იყო აფხაზი, სად იყო ქართველი და სად იყო ოსი. არ არსებობდა ეთნიკური პრობლემა, უბრალოდ, ყველამ იცოდა, ვინ იყო აფხაზი, ვინ იყო ქართველი, მაგრამ ურთიერთობა ადამიანებს შორის იყო აბსოლუტურად ნორმალური და პირველ რიგში, ეს არის ჩვენი აღსადგენი.

 

მინისტრის მოხსენებაში ითქვა, რომ 135 ერთობლივი პროექტი განხორციელდა პროგრამის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში. თითქოს ეს ბევრი არ არის, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 135-მა ადამიანმა ხომ გადაწყვიტა, რომ პროექტი დაწეროს, გრანტი მიიღოს, ბიზნესი აწარმოოს და საქართველოს სახელით, საქართველოს დამღით გაყიდოს თავისი პროდუქცია. ეს არის უზარმაზარი საქმე და სწორედ ეს არის, რაც აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჯერ უნდა დავიბრუნოთ ადამიანები. ამაზე დიდს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ.

 

მეორე ძალიან დიდი საქმე, რასაც აკეთებს სამინისტრო და რაც არის მისი მანდატი, ეს არის ის, რომ საქართველოში ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა იგრძნოს თავი, როგორც ამ ქვეყნის სრულფასოვანმა მოქალაქეებმა, რომ მათ შეინარჩუნონ თავიანთი ეთნიკურობა, შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა და ტრადიციები, მაგრამ ამავე დროს, იყვნენ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, პატრიოტები და ჭეშმარიტი მამულიშვილები. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საკითხი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რასაც აკეთებთ და წარმატებები მინდა გისურვოთ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner