თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა საჯაროდ აღიარა, რომ აშშ-სა და ისრაელს შორის „ჰამასთან“ მიმდინარე ომის საკითხზე უთანხმოება არსებობს.
როგორც NBC იტყობინება, წინასაარჩევნო კამპანიის დონორებთან შეხვედრაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელებით ისრაელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას კარგავს, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას ომისადმი მიდგომა შეეცვალა.
ბაიდენის აზრით, არჩეული პოლიტიკის შეცვლა ნეთანიაჰუსთვის რთული იქნება, ვინაიდან „მისი მთავრობა ისრაელის ისტორიაში ყველაზე კონსერვატიულია“. კერძოდ, მისი თქმით, ისრაელის მთავრობის ულტრამემარჯვენე წევრებს, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ ითამარ ბენ გვირს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა არ სურთ, ამიტომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები უნდა მოხდეს.
მანამდე ნეთანიაჰუმ საჯაროდ აღიარა, რომ მთავარ მოკავშირესთან, აშშ-თან უთანხმოება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ღაზის სექტორის მომავალი ომის დასრულების შემდეგ.