ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართა.
შეხვედრაზე ევროკომისიის მხრიდან ხაზი გაესვა ტრანსპორტის გაერთიანების სტრუქტურებში და ღონისძიებებში საქართველოს, როგორც დამკვირვებელი ქვეყნის, აქტიური ჩართულობის ფაქტს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ურყევად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც მეტყველებს ის მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები, რასაც ქვეყანა ახორციელებს. მისი თქმით, ტრანსპორტის სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დარჩენილი რეგულაციების და დირექტივების დანერგვის მიმართულებით.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულ ინტეგრაციას.
საქართველო ერთი წელია,ა რაც ტრანსპორტის გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. გაერთიანება ევროკავშირის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აერთიანებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილე მხარეების ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირთან სამართლებრივ დახლოებას და ევროპულ ბაზრებში ინტეგრაციას.