logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი პარტიების დაფინანსებაზე: ახლა, როცა ზოგიერთი ამ ინიციატივას აკრიტიკებს, სასაცილოა, რადგან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ამ ცვლილებაზე ყველა შევთანხმდით
- +

13 დეკემბერი. 2023. 15:00

 

 

ახლა, როცა ზოგიერთი ამ ინიციატივას აკრიტიკებს, სასაცილოა, რადგან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ამ ცვლილებაზე ყველა შევთანხმდით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი არის დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილი.

 

„ცვლილების მიზანია, ნაკლებად იყოს შესაძლებელი იურიდიული პირების გამოყენებით დაფინანსების მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი. ჩემთან შეხვედრაზე ყველა ოპოზიციური პარტია იყო წარმოდგენილი და ამ საკითხზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონსა და საარჩევნო კოდექსში.

 

ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

 

კანონპროექტის თანახმად, პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ, შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა. კანონპროექტით საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner