“მივიღე მოწვევის წერილი, მაგრამ არ ვაპირებ მისვლას - ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები ქალბატონი სალომესგან, იქნება წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეიდან აღარ დაარღვევს კონსტიტუციას”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიას ეხებოდა.
„მანამ, სანამ მსგავს წერილს არ მივიღებ, ასეთი მოწვევები შეუსაბამოა, რადგან ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, ასეთი ღონისძიებების ორგანიზების მორალურ უპირატესობას კარგავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
13 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულნი არიან საქართველოს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.