„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ მნიშვნელოვანია ევროპის სივრცე არ იქცეს პლაცდარმად ოლიგარქების მხრიდან საქართველოს პოლიტიკაში ჩარევისა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ისეთი დამნაშავეები, როგორიცაა მაგალითად დავით კეზერაშვილი, აფარებენ თავს ევროკავშირის სივრცეს, დამაზიანებელია თავად ევროკავშირისთვის.
„დღეს ასეთი ფაქტები არის, მათ შორისაა დავით კეზერაშვილი, რომელიც თავს აფარებს ევროკავშირის სივრცეს. პარტნიორებთან გვაქვს საუბარი, თუ როგორ მოვახერხოთ ის, რომ ის საერთო ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, არ იყოს შელახული იმით, რომ კრიმინალები თავს აფარებენ ევროკავშირის სივრცეს, ისევე როგორც სხვა ოლიგარქები, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა კაბინეტებში დაიარებიან ხოლმე. ეს არის მავნე გავლენა ოლიგარქიული მმართველობისა ქართულ პოლიტიკაზე. დღეს ვხედავთ, ორ ოლიგარქს - მამუკა ხაზარაძის და დავით კეზერაშვილის სახით, რომლებიც არიან თვითაღიარებული ოლიგარქები, თავად აღიარებენ, რომ მათ აქვთ პარტია, ისინი აფინანსებენ ტელევიზიებს და ისინი აფინანსებენ არასამთავრობო სექტორს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმაც მოძებნოს ინსტრუმენტები საკუთარ ტერიტორიაზე ასეთი ოლიგარქების პარპაშის არ დაშვებისა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ გამოწვევები ევროკავშირში არის. თუნდაც ეს დირექტივა მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს, როგორ შეიძლება მოხდეს ამის სამართლებრივი რეგულირება. ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი ითქვა საფრანგეთის მხრიდან, არის ეჭვები, რომ არის გარკვეული პოლიტიკური თუ სხვა სახის კორუფციის შედეგი, რომ არ მოხდა კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება, რომელსაც არამხოლოდ საქართველოში აქვს ჩადენილი დანაშაულები, არამედ მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაულები. როდესაც ასეთი დამნაშავეები აფარებენ თავს ევროკავშირის სივრცეს, ეს დამაზიანებელია თავად ევროკავშირისთვის და ჩვენ გვაქვს ამაზე კომუნიკაცია. ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს ამაზე საუბარი, მნიშვნელოვანია რომ ოლიგარქიას ყველგან ვებრძოლოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.