logo_geo
eng_logo
ნუგზარ წიკლაური "ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
- +

13 დეკემბერი. 2023. 14:44

 

 

“ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მასთან დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდა” - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პარტია, რომლის რიგებშიც საკუთარ თავს მოიაზრებს, დამფუძნებელ ყრილობას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გამართავს.

 

„ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა მმართველობამ, მისმა მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია, საკუთარი ტრადიციები. ვფიქრობ, რომ საკუთარ ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია. მას შემდეგ რაც მან უარყო საკუთარი ამომრჩეველიც და ის პრინციპებიცა და იდეალებიც, რაც ყოველთვის იყო მახასიათებელი, ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

 

მთელი 9 თვის განმავლობაში, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მომხდარიყო იმ ღირებულებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული. პარტიაში მმართველობამ უარყო საკუთარი პოლიტიკურ საბჭო, წარსული და ისტორია, უარყო ათიათასობით საკუთარი ამომრჩეველი, დავინახეთ პარტიის წევრების პოზიცია, ამის შემდეგაც ვერ შეისმინა ვერაფერი ახალმა მმართველობამ. ის ადამიანები, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში არიან, არ აქვთ გააზრებული ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც მათ ჰქონდათ დაკისრებული. ეს ხალხი ვერ პასუხობს დროის გამოწვევებს. პოლიტიკური საბჭოსა და მმართველობითი სტრუქტურების სრული დაშლა მეტყველებს იმაზე, რომ ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ თუ წარმატებას მიაღწია, პარლამენტსაც ან სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც დაშლიან.

 

ძალიან ძნელია, როცა ადამიანები ცხოვრების უდიდეს ნაწილს უკავშირებენ ერთ პოლიტიკურ პარტიას და მერე ადვილად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ იმისთვის, რომ გონს მოგებოდა მენეჯმენტი. სამწუხაროდ, მათთვის პრინციპები არ აღმოჩნდა მთავარი და აღმოჩნდა მოკლევადიანი მიზნები. არ მგონია, რომ ამან გაამართლოს. მთელი ამ 9 თვის განმავლობაში, ვცდილობდი არ მომხდარიყო ასეთი კოლიზია, ვითარების აქამდე მიყვანა. განსაკუთრებული ამბები დაიწყო მაშინ, როცა პოლიტიკური საბჭო უკანონოდ დაშალეს. მოხდა ამ პარტიის ბოლშევიზაცია. ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ აქვთ სრულიად სხვა მიზნები და ეს მიზნები არ არის კავშირში გამოწვევებთან.

 

მთავარი პრობლემა ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ სისტემის არის ოლიგარქიული მმართველობა. არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომლის ხელდასხმით მოქმედებენ სხვადასხვა პოლიტიკური პირები. იგივე ამბავი მოხდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. არსებობს კვიპროსის კლუბი თუ კლანი და იქიდან იმართება ყველაფერი. რასაც ჩაბერავენ კვიპროსში, ის საყვირები ამოიძახებენ აქ. ეს არის სრულიად მიუღებელი, ანტიდემოკრატიული ამბავი. შეუძლებელია ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ კონკურენცია გაუწიოს მმართველ პოლიტიკურ გუნდს . ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფულით ფული ვერ დამარცხდება. ოლიგარქია ვერ დამარცხდება იმ ადამიანებით, ვისაც თვითონ აქვთ ოლიგარქობის სურვილი და ანტიდემოკრატიული სისტემა სხვა ანტიდემოკრატიული სისტემით ვერ დამარცხდება.

 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხაბეიშვილი არ არის მმართველი, ყველამ კარგად ვიცით საიდანაც იმართება ეს ვითარება. „ქართულ ოცნებაშიც“ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. როცა ასეთი ვითარებაა, ადამიანები ეძებენ ახალ პოლიტიკურ ძალას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დავაფუძნებთ, პასუხობდეს მთავარს. სახელწოდებაზე მიმდინარეობს საუბარი. დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იქნება“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner