logo_geo
eng_logo
საქართველო OECD-ის შეფასებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“ კვლავაც ლიდერია
- +

13 დეკემბერი. 2023. 17:47

 

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების  „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“ (SME Policy Index - 2024) მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო კვლავ ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს.

 

კვლევის პრეზენტაცია 13 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ პარიზში OECD-ის ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით.  კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობენ სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე, როგორც საქართველოს მხრიდან OECD-ის აღნიშნული შეფასების ეროვნული კოორდინატორი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევა „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი-2024,“ რომელიც  უკვე მეოთხედ მომზადდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს აფასებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკის „ევროპის მცირე ბიზნესის აქტთან“ (Small Business Act for Europe) და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

 

OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის“ შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და კვლევა ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

 

აღნიშნული, თავის მხრივ, მოიცავს 12 მიმართულებას, რომელთაგან ჩვენი ქვეყანა ლიდერობს 11 მიმართულებით. 2024 წლის მიმოხილვაში საქართველო საუკეთესო იყო შემდეგი მიმართულებით:

 

ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო; ოპერაციული გარემო; გადახდისუუნარობა და მეორე შანსი; სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა; მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო შესყიდვები; სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები; მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია; ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები; ინოვაციური პოლიტიკა.

 

OECD-ის შეფასებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“ აღნიშნულია, რომ „პოსტ COVID-ის სწრაფი ეკონომიკური აღდგენით, გლობალურად არის აღიარებული საქართველოს მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი და ბიზნესგარემო. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მარტივი რეგისტრაციით, ელექტრონული მმართველობის სერვისების გაფართოებით, ფინანსებზე გამარტივებული წვდომით და RIA-ს უფრო სისტემური გამოყენებით“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner