სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი წლების განმავლობაში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, მანამდე იყო ღვინის სააგენტოში და ამ მიმართულებით ცდილობდა ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
- რთველი იწყება. ეს ჟურნალისტებისთვისაც მთავარი ამბავია შემოდგომაზე და გვიწევს ყველა პრობლემის გაშუქება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგ: გასულ წელს ამ პროცესს ჩვენ პოლიტიკური რთველიც ვუწოდეთ, ვინაიდან საპროტესტო აქციები იმართებოდა, იყო საუბარი იმაზე, რომ გაფუჭდა მოსავალი, რიგები, არ იბარებდნენ ნორმალურ ფასში და ა.შ. ეს ყველაფერი წელსაც შეიძლება გამეორდეს თუ მოგვარებულია საკითხი მეტ-ნაკლებად?
- დაგეთანხმებით, რომ შარშანდელი რთველი გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერს ატარებდა და პოლიტიკური ავანტიურის გარდა, მერწმუნეთ, იქ ნამდვილად არ ყოფილა პრობლემები. ჩვენ შემდეგ შევხედეთ რთველის მიმდინარეობას და დავინახეთ, რომ წარმატებით მოხდა მოსავლის დაბინავება და რთველი წარმატებით დასრულდა, ისევე, როგორც წინა წლებში - 2013 და 2014 წელს და მე მგონი, მოსახლეობამ, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩართულნი არიან მევენახეობაში, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომელიც რთველის საწყის ეტაპზე იყო პროტესტების სახით და ა.შ., ეს იყო სუფთა ავანტიურული გამოხტომები, როცა გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურდათ რაღაც მუხტის ნეგატიურ ტალღაზე გადაყვანა და მოსახლეობა შეიყვანეს ნამდვილად შეცდომაში. ამ ადამიანებმა უბრალოდ დრო დაკარგეს, ტყუილად მოუწიათ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში, აბსოლუტურად უშედეგო იყო ეს ყველაფერი და მათ დაინახეს, რომ პრობლემა რეალურად არ ყოფილა. შემდგომ ეტაპზე ჩვენ დავინახეთ, რომ მოსავლის ჩაბარებას არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
- ანუ წელს არ იქნება პრობლემა?
- რა თქმა უნდა. წელს უკეთესი პირობა გვაქვს ბევრი მომენტის გამო. შარშანდელი ის გამოცდილებაც კი, რომელიც არაფრისმომცემ, უაზრო აქციებს უკავშირდებოდა, ახლა უკვე წინაპირობაა იმის, რომ მოსახლეობა არ მოტყუვდნენ, არ აყვნენ ამ პროვოკაციებს, ამ ძალების პროვოკაციულ ქმედებებს და ვფიქრობ, რომ რთველი წელს შედეგიანად ჩაივლის. საერთოდ, რთველი საზეიმო მომენტია და ვფიქრობ, რომ ჩვენ რატომღაც, ბოლო პერიოდში, უფრო პრობლემებს ვუკავშირებთ ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ რთველი იქნება ძალიან წარმატებული, შესაბამისად, მოსახლეობას ექნებათ საზეიმო განწყობა და იმის საფუძველიც, იმიტომ, რომ მოსავლის დაბინავების პრობლემა, მაღალი ორგანიზებულობის პირობებში, მართლაც არ არსებობს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
- თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ღვინის მიმართულებით, ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იყავით. როგორია ქართული ღვინის პერსპექტივა მსოფლიო ბაზარზე? სად უნდა გავიდეს უახლოეს მომავალში? რამდენიმე დღის წინ, ვიდრე მინისტრი გახდებოდით, იმყოფებოდით ჩინეთში. ჩინეთის ბაზარს ძალიან მალე ავითვისებთ?
- მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გეგმები გადაჭარბებით შესრულდა, ჩვენი მოლოდინებიც უფრო გადაჭარბებულია, არსებული შედეგებიდან გამომდინარე. მხოლოდ 8 თვის მონაცემებით, 2016 წელს, ჩვენ ექსპორტირებული გვაქვს ჩინეთში უკვე 3,4 მლნ ბოთლი და ჩინეთი მეორე საექსპორტო დანიშნულების ქვეყანაა, ანუ რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს უკვე. ეს სულ რამდენიმეწლიანი მიზანმიმართული, ძალიან სწორად გათვლილი პოლიტიკის შედეგია. ასე რომ, ჩინეთის ბაზარზე ჩვენ გაქვს გათვლილი. მე ველოდები დაახლოებით 5 მლნ-მდე ბოთლის ექსპორტს, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია და ჩვენ ვხედავთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია რეალური ალტერნატივა გახდა ჩვენი ტრადიციული ბაზრების. ასე რომ, ღვინის სექტორი ვითარდება, ღვინის სექტორის განვითარებასთან ერთად, მევენახეობის თუ რაიმე პრობლემა იყო, ეს მოგვარდება.
- 42 ქვეყნიდან 250-ზე მეტი დელეგატი გვყავდა საქართველოში ღვინის უძველესი კულტურის გასაცნობად. როგორ განვითარდება ღვინის ტურიზმი საქართველოში და რა შედეგით დასრულდა ეს კონფერენცია, რომელიც მიმდინარეობდა და ალბათ, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო თავად მეღვინეებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის.
- ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 42 ქვეყნის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ ამ კონფერენციას. ასეთი ტიპის კონფერენცია პირველად იმართება მსოფლიოში და ეს პირველი კონფერენცია სწორედ საქართველოში ჩატარდა, იმიტომ, რომ საქართველო მსოფლიოსთვის უკვე აღიქმება ღვინის აკვნად და ამაზე კითხვის ნიშანი აღარ ისმის, იმიტომ, რომ ჩვენ ამაზე ბევრი კომუნიკაცია გვქონდა მსოფლიოში. ეს არის ოფიციალური კონფერენცია, გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის. აქამდეც იყო ჩვენი კერძო ინიციატივით ჩატარებული ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში, თუმცა, პირველია გაეროს ოფიციალური ორგანიზაციის ოფიციალური კონფერენცია და შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ხაზი გაუსვეს, რომ პირველი კონფერენცია უნდა ჩატარდეს იქ, საიდანაც ღვინის წარმოება იწყებოდა. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ რეგულარულად ასეთ კონფერენციას გააგრძელებს ეს ორგანიზაცია, ჩაატარებს სხვადასხვა ქვეყანაში. მომავალ წელს ეს იქნება არგენტინაში, თუმცა, შემდგომში, იყო საუბარიც, რომ ყოველ მეორე წელს კონფერენცია შეიძლება საქართველოს დაუბრუნდეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგებს ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციას, იმიტომ, რომ მათი დაუღალავი შრომით ჩატარდა ძალიან ორგანიზებულად და მე მგონი, ყველამ აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან შედეგიანი კონფერენცია.
- გავრცელებული ინფორმაცია თქვენს წინამორბედთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც გაირკვა, პრემიერმა დავით კირვალიძესთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ ის იყოს მისი მრჩეველი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამ სფეროს უკეთ განვითარებისთვის თქვენ რა ინტენსივობით გეგმავთ პრემიერის ახალ მრჩეველთან თანამშრომლობას?
- საერთოდ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. თუმცა, ჩემი ამოცანა და ამბიციაც ის იქნება, რომ ეს პროგრესი გაიზიაროს ყველამ და განვითარება სოფლის მეურნეობაში იყოს ინკლუზიური, ანუ ეხებოდეს ყველას, ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ეს პროგრესი არაა მიღწეული ერთი ადამიანის მიერ და ეს ემყარება ყველა წინამორბედის გაწეულ საქმიანობას. დავით კირვალიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, რაზეც დგას დღევანდელი პროგრამაც სოფლის მეურნეობის განვითარების, რომელიც შემდგომმა მინისტრებმა განავითარეს და სხვა რანგში აიყვანეს და ნამდვილად მივიღეთ მნიშვნელოვანი შედეგები. დათო კირვალიძე არის საერთაშორისო დონის პროფესიონალი, ის საერთაშორისო დონეზე მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებზე, ასე რომ, მისი გამოცდილება უნდა წაადგეს ჩვენს ქვეყანას და რაც მეტი პროფესიონალი მიიღებს თავისი ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობას, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, აბსოლუტურად მივესალმები.