"სპეკულაციაა, რომ თითქოს ევროპაში რუსეთისგან იცავენ ამ კანონით თავს და საქართველოში, თითქოს დასავლეთისგან თავის დასაცავად იყო შემოტანილი. არც ევროპულ ვარიანტში არ წერია, რუსული გავლენა, იქ წერია პირდაპირ, რომ არის მესამე ძალის ფინანსური გავლენები შიდა დემოკრატიულ პროცესებზე საფრთხედ აღქმული და ამისთვის იღებენ კანონს. იქ მისამართები არ წერია, ასევე არ ეწერა ქართულ ვარიანტშიც," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალა“ არ აპირებს აგენტების შესახებ კანონის ხელახლა დაინიცირებას, რადგან ხალხისთვის მიცემულ პირობას ასრულებს, თუმცა ამ კანონის საჭიროება რომ აქტუალურია, ამას დღეს უკვე თავად ევროპა ადასტურებს.
„ერთ მნიშვნელოვან განმარტებას გავაკეთებ - გუშინ ჩემი განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, თუ რა იყო ევროკავშირში ერთი-ერთი მთავარი და ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის „EPP“-ის მხრიდან, ინიცირებული კანონპროექტის არგუმენტაცია. არგუმენტაციაში მკვეთრად წერია, რომ დადგა უცხოური გავლენების გამოაშკარავების დრო. ეს დრო დაუდგა ყველას - ამერიკას უფრო ადრე. ეს კანონი მოქმედებს ისრაელშიც. ხედავთ, რომ თვითონ ევროკავშირმაც დაინახა ამის საჭიროება. გამოკითხვაშიც ევროპელების 81 %-ი თვლის, რომ გარე ფაქტორების ჩარევის ზიანი საკმაოდ მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკური პროცესების დაცვის კუთხით. თუმცა, საქართველოში საზოგადოება კანონპროექტის წაუკითხავად გამოიყვანეს მოლოტოვის კოქტეილებით ხელში და გააპროტესტებინეს იმიტომ, რომ დაინახეს დამკვეთებმა შიში, რომ სწორედ გარე ძალების ძირითადი ინსტრუმენტის - ფულის წარმომავლობა და მიზნები გახდებოდა ცნობილი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ იქნა დაბლოკილი ეს კანონი ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ არ ვაპირებთ, ამ კანონპროექტის ხელმეორედ შემოტანას, გუშინ ეს ღიად დავაფიქსირე კიდეც. ჩვენ პირობას ვასრულებთ. თუმცა ის, რომ ჩვენ მართალი ვიყავით და ამ კანონის საჭიროება რეალურად დგას დემოკრატიის დასაცავად, სწორად ამ კუთხით დააყენა ეს საკითხი თავად ევროპამ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის მნიშვნელოვანი. დღეს ოპოზიცია ნებისმიერ თემაში, მსჯელობაში ვერ შემოდის და ყველაფერს „რუსულს“ არქმევს. განსაკუთრებით, როცა საკუთარი ქვეყნის ინტერესების და საზოგადოების უსაფრთხოებაზეა საუბარი, მაშინვე არქმევენ რუსულს. კანონპროექტი, როდესაც დავაინიცირეთ, მისი პრეზენტაციის საშუალება არ მოგვცეს კომიტეტზე, მაშინვე დაიწყეს ყვირილი, მაგიდების აყირავება, რადგან დაკვეთა წამოვიდა, არ წაიკითხოთ, ისე გააპროტესტეთო. წაკითხვა არ შეიძლება იმიტომ, რომ გაირკვეოდა - არაფერი რუსული იქ არ იყო. ამასთან, ორი ვარიანტი იყო შემოთავაზებული - სუფთა ამერიკული პირდაპირ ერთ-ერთში ნათარგმნი და მეორე - აბსოლუტურად იდენტური იმ კანონპროექტისა, რომელიც ახლა ევროპარლამენტში იქნა წარდგენილი. იდენტური არის იმით, რომ ევროპარლამენტშიც და ქართულ ვარიანტშიც იყო ერთი მნიშვნელოვანი ხაზი - მთავარი იყო მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაცია. შემიძლია პირდაპირ ციტირება გავაკეთო: არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ, მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისთვის და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ინსტიტუტებს მოტყუებაში, არასინდისიერი ზოგიერთი არასამთავრობო სექტორი იღებდა მონაწილეობას. ეს საფრთხე დაინახა ევროკავშირმა და თქვა, რომ დადგა უცხოეთის გავლენის გამოაშკარავების დრო ევროპაში“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ კანონს აკრიტიკებდნენ, დღეს გმირად აცხადებენ დაკავებულ ახალგაზრდას, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს და თან აღიარებს ამ დანაშაულს, მაგრამ არ ნანობს.
„ეს დრო ჩვენთან უფრო მწვავედ დგას. საქართველო უფრო მეტად დაუცველია, ვიდრე ევროპა, მაგრამ სპეკულაციაა, რომ თითქოს ევროპაში რუსეთისგან იცავენ ამ კანონით თავს და საქართველოში, თითქოს დასავლეთისგან თავის დასაცავად იყო შემოტანილი. არც ევროპულ ვარიანტში არ წერია, რუსული გავლენა, იქ წერია პირდაპირ, რომ არის მესამე ძალის ფინანსური გავლენები შიდა დემოკრატიულ პროცესებზე საფრთხედ აღქმული და ამისთვის იღებენ კანონს. იქ მისამართები არ წერია, ასევე არ ეწერა ქართულ ვარიანტშიც.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი, თავის ფინანსურ აქტივობას არ ააშკარავებს, მაგალითად, პარტია „დროა", რომელსაც აქვს არასამთავრობო სექტორი, იგივე „სირცხვილია“, რომლის ქმედება მართლა სირცხვილია. როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, ამდაგვარად იქნა გაპროტესტებული, ვხედავთ, როგორ აქებენ ადამიანს, რომელსაც გმირობად აქვს თავისი საქციელი აღქმული, რომელიც დაკავებულია და აღიარებს მოლოტოვის კოქტეილი მე ვისროლეო, მაგრამ არ ნანობს ამას. დემოკრატიის დასაცავად პოლიციელს რომ წვავდა შუა ქალაში, თურმე ეს საქებარია. ეს ჩაუბეჭდეს მას თავში და სწორედ ამ სეგმენტს უთხრეს, კანონპროექტი არ წაიკითხოთო. რომ წაეკითხათ, 4-გვერდიანი კანონი, ძალიან იოლი იყო აღმოჩენა, ის იყო რუსული, ფრანგული, იტალიური თუ ჩინური“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.