"იანვრიდან კინოცენტრმა უკვე ახალი წესები და კონკურსები უნდა შესთავაზოს სპეციალისტებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კინოწარმოების არსებულ ბიუჯეტს კინოსთვის მცირე, მაგრამ ჩვენთვის დიდი თანხა - 2 მილიონი ლარი დავუმატოთ. 2 მილიონი ლარით მეტი იქნება ფილმწარმოების ბიუჯეტი მომავალ წელს და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება შეძლებს უფრო ხშირად ნახოს თანამედროვე ქართული კინო," - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბოიკოტში მყოფ რეჟისორებსაც მიმართა და ურჩია, ფილმები ქართული საზოგადოებისთვის გადაიღონ.
„რაც ახლა კინოსახლში მიმდინარეობს (და მადლობა მათ თანამშრომლობისთვის კინოცენტრთან), ეს არის პირველი შემთხვევა პრაქტიკულად დამოუკიდებლობის აღდგენის მერე თუ არა, ვარდების რევოლუციის მერე ნამდვილად, როდესაც თანამედროვე ქართულ ფილმებს ხედავს ქართული საზოგადოება. მაქვს განცდა, რომ მათ, ვინც ბოიკოტში ან ფსევდობოიკოტში არიან, ეშინიათ ქართული საზოგადოების წინაშე წარადგინონ ის ფილმები, რაც გადაიღეს და ამ ფილმებს იღებენ უცხოელებისთვის და არა ჩვენთვის. მაგრამ სჯობს ჩვენთვის გადაიღონ პირველ რიგში და მერე ჩვენ ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა წულუკიანმა.