გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, თვითმმართველობის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ესწრებოდნენ. შემუშავებული რეკომენდაციები ტყის მართვის გეგმაში შესაბამისად აისახება.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ახმეტის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 55925 ჰა ფართობზე განახორციელა. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით, საგენტომ შეიმუშავა ტყის მართვის გეგმა. გეგმის მიხედვით, სატყეო-სამურნეო ღონისძიებები10 წლის განმავლობაში განხორციელდება.
ინვენტარიზაციის სამუშაოები „ტყის მდგრადი მართვა ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე - 8 სამიზნე სატყეო უბანი“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტყის ინვენტარიზაცია პირველად განხორციელდა სტატისტიკური მეთოდითაც, რაც ტყეების მდგომარეობასა და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე დაკვირვებისა და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
საველე სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებულმა მეტყევე ტაქსატორებმა განახორციელეს. სასაწავლო პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - „ECO.Georgia” დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი ეროვნული სატყეო სააგენტოა. პროექტი, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მოიცავს 8 სამინზე მუნიციპალიტეტს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვით და კომპლექსური ღონისძიების განხორციელების გზით.