„ევროკომისიამ შეაფასა ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და სწორედ ამ გატარებული ღონისძიებების შედეგად გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არავითარი სივრცე აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე აქტმა თუ პოზიციამ გავლენა მოახდინოს ამ დადებით რეკომენდაციაზე“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.