ავტორი თაკო კვარაცხელია
ევროპული საბჭო დღეს და ხვალ გაფართოების პაკეტზე იმსჯელებს, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. პაკეტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეხება. გუშინ ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ევროსაბჭო ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერმა ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი. როგორ გადაწყვეტილებას ელოდება ქართული მხარე და რას მოუტანს კანდიდატის სტატუსი ჩვენს ქვეყანას... „რეპორტიორის“ სტუმარია ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
- ბატონო გია, რას ელოდება საქართველო ხვალ ევროპისგან, როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილება და რას მოუტანს საქართველოს კანდიდატის სტატუსი?
- ძალიან დიდი ალბათობით, ევროპული სამიტიდან ჩვენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, რის იმედსაც გვაძლევს როგორც ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, ისე ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია. საერთოდ, როდესაც უდიდესი ევროპული ინსტიტუტები დადებით რეკომენდაციას იძლევიან, ევროკავშირი ამ რეზოლუციას აუცილებლად ითვალისწინებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მომხდარა პრეცედენტი, ევროპულ სამიტს საპირისპირო გადაწყვეტილება მიეღოს... რაც შეეხება იმას, თუ რას მოუტანს ეს საქართველოს, ჩვენი გასავლელი შემდგომი გზა ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება და უამრავი რეფორმის გატარება მოგვიწევს. როგორც წესი, ევროპელები მსხვილი ტომებით განიხილავენ ხოლმე საქმეებს, რათა მოხდეს კანონმდებლობების დაახლოვება, ინსტიტუციური, სექტორული რეფორმების განხორციელება და ა.შ. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები, ჯერ კიდევ რეფორმების პროცესში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ საპასუხისმგებლო გზის გასავლელად საფუძვლიანად უნდა მოემზადოს... პირადად მე ამ სამიტიდან ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოლოდინი მაქვს, თუმცა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა სტატუსს მოგვანიჭებენ, ამას ჭარბი ემოციები არ უნდა მოჰყვეს და ძალიან საქმიანად, პროფესიონალურად უნდა შევხვდეთ ამ ამბავს.
- თქვენი აზრით, უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის ხისტი პოზიცია უკრაინის მიმართ უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს საქართველოზეც და საერთოდ, ასე ერთ კონტექსტში მოხდება ევროკავშირის მხრიდან სამი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) საკითხის განხილვა?
- ორბანის ხისტი პოზიცია უკრაინისადმი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. გასაგებია, რომ უნგრეთის პრეზიდენტს უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან ხისტი პოზიცია აქვს და მას ამის არგუმენტებიც გააჩნია, მაგრამ ის, რომ საქართველო ამის გამო დაიჩაგროს, ვფიქრობ, გამორიცხულია. ეს თემა საქართველოში არსებული დესტრუქციული ოპოზიციის შიდა პროპაგანდა და გზავნილებია და მეტი არაფერი, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა თავად ორბანმა ხაზგასმით არაერთხელ აღნიშნა, რომ ის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა. რაც შეეხება სამი ქვეყნის ერთ კონტექსტში განხილვას, გავიხსენოთ ევროკავშირის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილება, როცა ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენი ტრიო სულაც არ განიხილეს ერთიანად, ანუ უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ჩვენ კი არა. სავარაუდოდ, ახლაც ასეთი სიტუაცია შეიქმნება.
- ბატონო გია, თქვენი აზრით, რატომ შეიცვლებოდა ერთი წლის განმავლობაში ევროპელთა ჩვენდამი მიდგომა იმდენად, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს სტატუსზე უარს არ გვეუბნებიან? სავარაუდოდ ამის მიზეზი 12-პუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობა/შესრულება ვერ იქნება, რადგან ის არც შარშან იყო ბოლომდე შესრულებული და არც წელსაა... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მასში ხომ ორი ისეთი გაუგებარი მუხლი იდო (დეპოლარიზაცია-დეოლიგარქიზაცია), რომლის შესრულება, ალბათ, თავიდანვე წარმოუდგენელი იყო.
- შარშან, როცა ევროპელებმა ეს უდიდესი შეცდომა დაუშვეს, ჩვენ მალევე ვიხილეთ არაერთი ევროპელი ლიდერის სინანული. ევროკავშირის დამოკიდებულების ცვლილება ძალიან ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და ამ ბევრ ფაქტორში რომელი უფრო პრიორიტეტული იყო, გამოყოფა გამიჭირდება. რაც შეეხება 12-პუნქტიან შეთანხმებას თუ ცხრა რეკომენდაციას, ის ყოველთვის დათქმულ ვადებში ვერ შესრულდება, გამომდინარე იქიდან, რომ მათში საკმაოდ რთული საკითხებია შეტანილი, აი, თუნდაც, დეპოლარიზაციის პუნქტი... როგორ შეიძლება საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია მაშინ, როცა ჭარბი დემოკრატიიდან გამომდინარე, ის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი ვერ ხერხდება, რადგან ამ პროცესს თანამედროვე ელექტრონული მედია და სოციალური ქსელები აქტიურად აღვივებენ. მთავარია, რომ პროგრესი გვაქვს, რეკომენდაცია სრულყოფილად თუ არა, მისი უდიდესი ნაწილი მაინც შესრულებულია და შესაბამისად, ვფიქრობ, ევროპელები შარშანდელ შეცდომას დღეს თუ ხვალ აუცილებლად გამოასწორებენ.
- თქვენ თქვით, ევროპის პოზიციის ცვლილება ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული, თუმცა, რომელი მათგანი მეტად პრიორიტეტული იყო, გამოყოფა გამიჭირდებაო... იყო თუ არა, თქვენი აზრით, ერთ-ერთი გადამწყვეტი შიშის ფაქტორი და შეეშინდა თუ არა ევროპას, რომ განმეორებით უარის შემთხვევაში შესაძლოა მათ ჩვენი ქვეყანა საერთოდ დაეკარგათ საკუთარი გავლენის სფეროდან, რადგან შესაძლოა, საქართველოს ალტერნატიული მოკავშირეებისა თუ სტრატეგიული პარტნიორების ძიება დაეწყო?
- საქართველო ევროპისთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ევროპა საქართველოსთვის, ამდენად, ის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერ შეფერხებას კრემლის პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებდა, ნათელია! შესაბამისად, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მოსკოვის ფაქტორიცაა. ვაზუსტებ, ერთ-ერთი და არა გადამწყვეტი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ უმთავრესი, რის გამოც ევროპა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, ეს სამართლიანობის ფაქტორი იქნება და არა შიშის.
- და ბოლოს, მინდა გკითხოთ იმ სცენარზე, თუ ევროპა ისევ არ მოგვანიჭებს სტატუსს... თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია, კვლავ აამღვრიოს ქვეყანაში სიტუაცია, ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს და მოცემული რეალობა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს?
- რასაკვირველია, დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა მათ ისევ ექნებათ, რადგან რადიკალები ნებისმიერ მიზეზსა და საბაბს იყენებენ პროცესების ამოსაყირავებლად (ჩვენ მსგავსი მოვლენები მარტში კარგად ვნახეთ, რასაც მათი მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტზე მორიგი შტურმის მცდელობა მოჰყვა), მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა კარგად დაინახა, თუ რა მიზანი ამოძრავებს სააკაშვილის ქოლგის ქვეშ შეკრებილ „მეხუთე კოლონას“, დარწმუნებული ვარ, ხალხი მათ პროვოკაციას აღარ აჰყვება. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სტატუსს წელსაც არ მოგვცემენ, ამით ცხოვრება არ მთავრდება, რადგან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუაციაში აქვს გაწერილი და რეფორმების გატარება სხვადასხვა მიმართულებით კვლავ აქტიურად გაგრძელდება. როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს იმას, რომ 2025 ან 2026 წლებში ევროკავშირის წევრობის ბილეთი გვექნება გარანტირებული, ისე არ ნიშნავს მისი არმონიჭებაც არაფრის დასასრულს!.. თუმცა ვაზუსტებ, რომ ამ სცენარის განვითარების მინიმალური შანსი არსებობს, რადგან, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დღეს თუ ხვალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მთელი ქვეყანა ერთად ვიზეიმებთ.