ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან.
კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო კომიტეტის საქმიანობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით. ისაუბრეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში კომიტეტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. აღინიშნა კომიტეტის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების სხვადასხვა მაგალითი.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო სერვისების მისაწვდომობის სხვადასხვა ინიციატივებზე და იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
ელჩმა ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საელჩოს ინიციატივებზე და მხარდაჭერაზე. გამოხატა კმაყოფილება ევროპულ კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის პროგრესირებადი დაახლოების და საზოგადოდ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის მიმართ. მანვე, კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერა აღუთქვა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ინიციატივების განხორციელებაში.
თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს ნორვეგიის სამეფოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური სწრაფვის და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.