logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საცობებთან დაკავშირებით უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ქულების დაწერას ცდილობენ, სატრანსპორტო პოლიტიკა გეგმაზომიერად მიმდინარეობს
- +

14 დეკემბერი. 2023. 17:26

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დედაქალაქში საცობებთან დაკავშირებით უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

 

ბითაძის თქმით, არსებობდა მოლოდინები დედაქალაქში გადაადგილების გართულებასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ შემუშავდა სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

 

„ბოლო დღეებში ვხდებით ახალი ტენდენციის მომსწრენი, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დედაქალაქში საცობებთან დაკავშირებით უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. მათ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ისინი არიან პოლიტიკოსები და არ არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი უტოპიური და არაპროფესიონალური განცხადებები, პირდაპირ დაკავშირებულია კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმასთან, რომ ერთი მხრივ, ეს ადამიანები მხოლოდ დეკლარაციული განცხადებებით შემოიფარგლებიან, არც ცდილობენ, საკითხის არსში გაერკვნენ, მეორე მხრივ, ცდილობენ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. მათ გაიარეს გზა – „ქართული ოცნების“ გაშავების ტენდენცია, თითქოს რუსულია „ქართული ოცნება“ და ახლა გადავიდნენ საცობებზე საუბარზე. ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, რაც იქნება კიდევ ერთი წარუმატებელი ნაბიჯი. თვალნათლივ ვნახეთ, მათ შორის რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება როგორ იქნა გაკრიტიკებული საერთაშორისო ექპერტების მხრიდან. შეიძლება ითქვას, დედაქალაქი არის საპილოტე პროექტი, რომელშიც სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დაიწყო სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ იყო მოლოდინები დედაქალაქში გადაადგილების გართულებასთან დაკავშირებით. დედაქალაქში შემოდის დამატებით 200-მდე 18-მეტრიანი ავტობუსი, რაც სწორედ იმის მანიშნებელია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა იყო წინასწარ გათვლილი და მიმდინარეობს გეგმაზომიერად. მათ შორის პარლამენტში ახლახან დავამტკიცეთ ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვით, დედაქალაქში შეიზღუდება დიდი გაბარიტის ავტომობილების გადაადგილება. მოსახლეობას შევახსენებ, რა მდგომარეობაა სატრანსპორტო კუთხით დედაქალაქში. დედაქალაქში გადაადგილდება დაახლოებით 30 000 ტაქსი, დაახლოებით 30 000 დიდი გაბარიტის ავტომობილი, ჯამში ავტომობილების რაოდენობა არის 660 000. მაშინ, როცა 2020-2021 წლებში ავტომობილების საერთო რაოდენობა არ აღემატებოდა 430 000-ს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

მაია ბითაძის განმარტებით, „ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ძალიან დინამიკურია და ერთადერთი გამოსავალი, რომ ქალაქში გადაადგილება გაუმჯობესდეს, არის არა ახალი გზების და ესტაკადების მშენებლობა, როგორც ამას სხვადასხვა ოპოზიციონერი ამბობს, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება“. მაია ბითაძის განცხადებით,  საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პროცესი კი 2019 წლიდან დაიწყო.

 

„ავტობუსების პირველი ნაკადის შემოსვლის პარალელურად, მგზავრთნაკადის, გადაყვანის პოტენციალი გაზრდილია 25 პროცენტით. 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანასთან ერთად, ეს პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და ჯამში დაახლოებით 30 000 ადამიანით მეტით გადაყვანის პოტენციალი ექნება ქალაქს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომელიც თავის თავში გულისხმობს არა მხოლოდ ავტობუსებით დედაქალაქის მომარაგებას, არამედ შესაბამის საგზაო ინფრასტრუქტურას, 10 დერეფნის დასრულებას, მათ შორის ბასლაინებით, ასევე თავის თავში მოიცავს ჭკვიანი შუქნიშნების პროექტის დასრულებას. ამჟამად მიმდინარეობს კვლევების საბოლოო ეტაპი და დაახლოებით ორ წელიწადში დედაქალაქი მთლიანად აღიჭურვება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი შუქნიშნებით, რაც გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანასთან ერთად.

 

ეს არის ძალიან რთული რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად. შევახსენებ ჩვენს ოპოზიციონერებს, ჩვენს მოსახლეობასაც, თუ ვინმე არსებობს მთელ მსოფლიოში ყველაზე კვალიფიციური, გამოცდილი სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბების კუთხით, ჩართულია ამ პროცესში. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის მთავრობა, საფრანგეთის მთავრობა და სხვადასხვა ყველაზე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო კომპანიები, რომელთა გათვლებისა და დაგეგმარების კუთხით ხდება სატრანსპორტო პოლიტიკის მოდელირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, რადიკალური ოპოზიციიდან, ნუ აჩვენებენ ადამიანებს, რომ ისინი არიან არაკვალიფიციურები, რადგან ყოველთვის მიიღებენ პასუხებს. საცობებთან დაკავშირებით რა პროცესიც დედაქალაქში მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, წინასწარ იყო გათვლილი. სწორედ ამიტომ არის, რომ ავტობუსების მომარაგების, ავტობუსებით დედაქალაქის აღჭურვის, ბასლაინების მოწყობის აქტიური პროცესი მიმდინარეობს.

 

მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით ევროპამ გაიარა ეს პრაქტიკა თავის დროზე. ერთადერთი გამოსავალი, რათა ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს, არ იყოს საცობები, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. მოლოდინი იმისა, რომ საცობები ერთ დღეს გაქრება, არის უტოპიური მოლოდინი. ჩვენ კარგად ვატყობთ, როგორ არის დატვირთული ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნებისმიერი ქუჩა, სადაც ავტომობილები გადაადგილდებიან. სწორი დაგეგმარების პოლიტიკაა, რომ დღეს ჩვენ უფრო მეტი პრობლემები არ გვაქვს. 18-მეტრიანი ავტობუსები ამ პრობლემას  მეტად გადაჭრის, მაგრამ პარალელურად, აუცილებელია ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის დასრულება და ბასლაინების მოწესრიგება ათივე ძირითად დერეფანზე. საერთაშორისო მასშტაბით თუ არსებობს რომელიმე კვალიფიციური კომპანია, ყველა არის ჩართული ამ პროცესში. ერთადერთი გამოსავალია სწორედ ის გზა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება და ამის ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner