"ახლა არ ვიცი რაზე უნდა გააგრძელონ სპეკულაციები, რაღაზე უნდა ილაპარაკონ. როგორ შეიძლება ეძახო რუსული ხელისუფლებას, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოუტანა ქვეყანას უმოკლეს დროში, "- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მე არ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია არ იყო ჩართული ამ პროცესში. იყო ჩართული, ოღონდ გააჩნია როგორ იყვნენ ჩართული. რაც დიდმა ნაწილმა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში აკეთა, ყველაზე ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ დიდმა ნაწილმა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიმართული საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. სამწუხარო რეალობა ის იყო, რომ საქართველოში ოპოზიციამ მთელი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცია კანდიდატის სტატუსი და მთელი ნარატივები აშენა ამაზე და დააზიანა ეს პროცესი ქვეყნის გარეთ. ჩვენ მთელი წელიწად-ნახევარი ამას მოვანდომეთ, დავდიოდით, ვესაუბრებოდით და ვერც წარმოიდგენთ რამხელა ენერგია იხარჯებოდა იმ დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად, რაც გადიოდა საქართველოდან, რასაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ხელს უწყობდა ჩვენი ოპოზიცია, რომ საქართველოზე ყოფილიყო მცდარი აღქმები. საქართველოს შესახებ ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ ბევრი კითხვის ნიშანი და ამაზე გვეხარჯა დრო იმის ნაცვლად, რომ შეიძლებოდა ბევრ სასარგებლო რამეზე გვესაუბრა. ახლა არ ვიცი რაზე უნდა გააგრძელონ სპეკულაციები, რაღაზე უნდა ილაპარაკონ. როგორ შეიძლება ეძახო რუსული ხელისუფლებას, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოუტანა ქვეყანას უმოკლეს დროში. მთლიანად ენგრევათ ის ნარატივები, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ფსონი დადებული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.