"ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ წარმატებას - ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხის მხარდაჭერით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„700-ზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სულხან-საბა ორბელიანი ჩავიდა ევროპაში და ითხოვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის. მას შემდეგ მრავალი თაობის ქართული ოცნება იყო, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ შევასრულეთ ეს მნიშვნელოვანი ამოცანა - საქართველომ გადადგა ნაბიჯი წინ და პრაქტიკულად მხოლოდ ერთი ეტაპი გვრჩება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. დღეს გამოჩნდა, რომ აწმყოც გვწყალობს და მომავალიც ჩვენია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.