დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გოთუას ქუჩაზე გოთუას სახელობის სკვერის გახსნისას განაცხადა, რომ მწვანე ნარგავები გაჩნდება არა მარტო სკვერებში, პარკებსა და სანაპიროზე, არამედ ასევე სხვა ადგილებიც არის გამოყოფილი გამწვანებისთვის. მისი თქმით, შემოდგომაზე თბილისში 80 000 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგვება.
მერის თქმით, დედაქალაქში 10 მთავარი სკვერი და მოედანი განახლდა. ასევე გამგეობების მიერ კეთილმოეწყო მცირე სკვერები და პარკები. დავით ნარმანიას ინფორმაციით, შესრულებული პროგრამების შესახებ უახლოეს პერიოდში პრეზენტაციაზე ისაუბრებს და მოსახლეობას ერთგვარ ანგარიშს ჩააბარებს.
გოთუას სახელობის სკვერში სავარჯიშო ადგილი მოეწყო, სადაც ტრენაჟორებია დადგმული. მსგავსი სავარჯიშოები თბილისში 24 ადგილზე მოეწყო. მერის განცხადებით, ყველა ეს ადგილი 24 საათის განმავლობაში დატვირთულია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად ძალიან მნიშვნელოვანია.