logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მინდა მივულოცო ყველას, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება და ამ რთულ ისტორიულ გზაზე ხელს კი არ უშლის და ფეხს კი არ უდებს, არამედ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი
- +

14 დეკემბერი. 2023. 23:46

"მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ულამაზესი ქვეყნის წარმატება, განვითარება და ამ რთულ ისტორიულ გზაზე ხელს კი არ უშლის და ფეხს კი არ უდებს, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი, "- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

 

„პირველ რიგში მეც მინდა შევუერთდე მილოცვებს. გულწრფელად სრულიად საქართველოს ვულოცავ ისტორიულ გადაწყვეტილებას. მართლად მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანამ გარკვეული ბრძოლის შემდეგ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ძალიან ბევრი შრომა და მუშაობა დაგვჭირდა ამ ყველაფრისთვის. როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე, ეს იყო არასწორი და არასამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. გავაგრძელეთ მუშაობა, ბრძოლა, შევინარჩუნეთ ღირსება. მთელი ამ ხნის განმავლობაში მივიღეთ უამრავი შეურაცხმყოფელი განცხადება, აღარ დავასახელებ, ვინ აკეთებდა ამ განცხადებებს - ეს ყველაფერი წარსულია. ერთ რამეს ვიტყვი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ის სულისკვეთება, რაც იყო საქართველოს ხელისუფლებაში მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდებოდა - ხან რუსებს და რუსეთუმეებს გვეძახდნენ, თითქოს არ ვატარებდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს - საბოლოო ჯამში გამოიკვეთა, რომ დავიცავით ჩვენი ღირსება, ქვეყნის ღირსება, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, გავაძლიერეთ ეკონომიკა და დღეს საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ულამაზესი ქვეყნის წარმატება, განვითარება და ამ რთულ ისტორიულ გზაზე ხელს კი არ უშლის და ფეხს კი არ უდებს, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner