logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს ოჯახებს
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:51


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გადაცემა „იმედის დროში" დემურ სტურუას საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეიძლება, ერთი უღირსი პოლიციელის გამო მთელ სისტემას ჩირქი მოვცხოთ.


მინისტრის განცხადებით, პოლიციელები საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გვიცავენ ჩვენ და ჩვენს ოჯახებს და ღირსეულად იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.



„დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე პოლიციელის მხრიდან ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, თუ რატომ არ ვაკეთებდი ამაზე განცხადებას. ამ საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ გავამჟღავნო დეტალები და მასზე ვისაუბრო. დაველოდები გამოძიების შედეგებს და განაჩენს და შესაბამისად მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ადგილზე მენეჯმენტის მიმართებაში.

 

მიმალვაში მყოფი პოლიციელის დაკავების მიზნით სტანდარტულ პროცედურებს ვახორციელებთ, იმას, რასაც ჩვეულებრივ ძებნილი ადამიანების დაკავებისთვის ვიყენებთ.

 

სისტემაში 40 000- მდე ადამიანი მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სრული უმეტესობა პროფესიონალები და თავისი ქვეყნის პატრიოტები არიან. არ შეიძლება, ერთეული შემთხვევებით ჩირქი მოვცხოთ სხვა ღირსეულ პოლიციელებს.

 

პოლიციელები დღეს და ღამეს ათენებენ, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას და  არავის მივცემ უფლებას, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენონ და ერთი უღირსი პოლიციელის გამო გაისვარონ სხვა პოლიციელები.

 

ისინი, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენ, მათ საკადრისი პასუხი გაეცემათ. უ ვინმე დანაშაულშია მხილებული, ჩვენ ამასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს ვატარებთ.

 

ჩემი მინისტრობის პერიოდში 24 პოლიციელი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებლობაშია მიცემული. ასევე სამსახურიდან დათხოვნილია 137 პოლიციელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა 12 თანამდებობის პირი, თანამდებობიდან გადაყენებულია 6 პოლიციელი, სასტიკი საყვედური გამოცხადებული აქვს 604 პოლიციელს, საყვედური გამოცხადებული აქვს 420 პოლიციელს და შენიშვნა მიიღო 731 პოლიციელმა. ეს ის ციფრებია, რომელიც მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე იმ გადაცდომებზე, რაც ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

მე ნებისმიერ შემთხვევაში დამცველი ვიქნები ღირსეული პოლიციელების და ყოველთვის ვიდგები მათ გვერდით.

 

გენერალური ინსპექცია მოქალაქეების არცერთ განცხადებას არ ტოვებს ყურადღების გარეშე. ყველა განცხადებაზე სათანადო რეაგირება ხდება და ამავდროულად იმ გადაცდომებზეც, რაც სისტემის შიგნით ხდება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner