logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დამსახურებაზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება, საქართველოს შარშანაც უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი
- +

15 დეკემბერი. 2023. 00:47

"დამსახურებაზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება, საქართველოს შარშანაც უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, საკუთარი ინსტიტუციური, სამართლებრივი მოწყობით და იმ მიღწევებით, რომლებიც აქვს ქვეყანას როგორც დემოკრატიის, სახელმწიფო მოწყობის, ისე ეკონომიკის მიმართულებით, თუმცა დააკლდა ეს პოლიტიკური კომპონენტი," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

 

„ჩვენ გვახსოვს, რამ განაპირობა ეს ნეგატიური პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო ის გარემო, ნარატივი და აღქმები, რომლებიც შარშან, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩამოაყალიბა გარკვეულმა ჯგუფმა ქვეყნის შიგნით და გარეთ, საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ ომის დაწყებიდან ოთხ დღეში, როდესაც ევროკავშირმა შესთავაზა უკრაინას განაცხადის შეტანა და ომის დაწყებიდან 5-6 დღეში საქართველომ და მოლდოვამ შეიტანეს განაცხადი წევრობაზე. მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი - ეს ოთხი თვე საქართველო იყო პირდაპირ პროპაგანდისტული დარტყმის ქვეშ. ეს იყო დეზინფორმაციული კამპანია თუ რამდენად ედგა საქართველო მხარში უკრაინას, რამდენად იყო საქართველოში ესა თუ ის სენტიმენტები, სანქციებთან დაკავშირებით იყო პირდაპირი შტურმი და ამან, გარკვეული პოლიტიკური ატმოსფერო და კლიმატი შექმნა. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოს ნამდვილმა მეგობრებმა ევროპაში ვერ დაძლიეს ეს ნეგატიური ნარატივი, ვერ ჩაახშეს ეს დეზინფორმაციული კამპანია. რამდენიმე ჯგუფი ქვეყნის შიგნით და გარეთ პირდაპირ მუშაობდა იმაზე, რომ გაეშავებინა საქართველო. კარგი არის ის, რომ ამ ნეგატიური გადაწყვეტილებიდან მალევე, როდესაც მე მქონდა ევროპაში ვიზიტები, ევროპელი პარტნიორები ჩამოდიოდნენ აქ, მთავრობის წევრები მიდიოდნენ ვიზიტებით, ვნახეთ გამოფხიზლება ევროპულ დედაქალაქებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რა არის „ქართული ოცნების“ სიძლიერე - ეს არის სიმართლე. როგორც წესი, გამოწვევები, რომლებიც ეხება დეზინფორმაციას, მოკლევადიან წარმატებას აღწევს ხოლმე. ხანდახან ეს გრძელდება დღეები, კვირები, თვეები, მაგრამ სიმართლის ყველაზე კარგი თვისებაა, რომ ის არასდროს იკარგება. ყველაზე კარგი თვისება კი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით სიმართლეს და ეს სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ამის შემდეგ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავამსხვრიეთ ყველა დეზინფორმაციული ნარატივი, რომელსაც ავრცელებდნენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელმაც კიდევ ერთხელ თავისი სიმართლით გაიმარჯვა და არ გაჰყვა იმ ტყუილს, ბოლომდე დარჩა სიმართლის გვერდით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner