"უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, ვინაიდან ევროპა ჩვენთვის, ქართველებისთვის, არ არის უბრალოდ გეოგრაფია და არც უბრალოდ პოლიტიკური ერთობა. ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა და ჩვენი სულიერება. ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ამისკენ არის გადადგმული ეს ნაბიჯი," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„იყო საუბრები შესაძლებლობის ფანჯარაზე, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და ჩვენ დღეს ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენეთ იმით, რომ ევროკავშირმა მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ პროცესი უკვე შეუქცევადია. კიდევ ერთხელ, ეს არის გრძელი გზა. არ უნდა გადავვარდეთ ეიფორიაში, რომ დღესვე იქნება შედეგები. ეს არის დიდი გზა შრომის, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ და ქართველმა ხალხმა ამ 1,5 წელში დაამტკიცა მთავარი რამ - ის არის ბრძენი, სრულად აცნობიერებს სად არის სიმართლე და ამ სიმართლეზე მყარად დგომით აღწევს შედეგებს. დღეს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.