"დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება.
„ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას! მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ.
მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება. მე ასევე მაქვს პატივი, გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად და რაც მთავარია - ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს მე მინდა მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა გამარჯვება მიულოცა გუნდის თითოეულ წევრსა და პარტიის დამფუძნებელს - ბიძინა ივანიშვილს.
„მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პარტიას, მმართველ გუნდს, თითოეულ წევრს, ვინც თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მინდა მივულოცო ყველას. მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა.
მე მხვდა წილად პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელითა და ჩვენი გუნდის სახელით ხელი მომეწერა ჯერ ასოცირების შეთანხმებაზე, შემდეგ ჩემი მმართველობის პირველი პრემიერობის დროს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, შარშან უკვე მე მქონდა პატივი, რომ უკვე ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის სახელით შემეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რითაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და დღეს უკვე 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. საქართველო დღეიდან არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს არის ჩვენი შრომის, ჩვენი ბრძოლის შედეგი და კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგური დადო და ეს გამარჯვება მოუტანა ჩვენს ხალხს.
მე ასევე მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმისა და საერთო გამარჯვების დღე. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა პრემიერმა.