logo_geo
eng_logo
კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს: მადლობას თქვენც იმსახურებთ, რადგან ცილისმწამებლური განცხადებებით, მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილებების გამოტანაში ეხმარებით
- +

15 დეკემბერი. 2023. 11:35

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 

დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა მათ მოსაგვარებლად მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

„არის თუ არა საკმარისი სამუშაო, რაც ამ ერთ წელიწადში გავწიეთ? რა თქმა უნდა, არა. ქალაქი ყოველწლიურად იზრდება და იმატებს გამოწვევებიც. ასე რომ, სურვილი ზოგჯერ აჭარბებს შესაძლებლობებს. ხშირია პრობლემები, რომლის წინაშეც სრულიად დაუგეგმავად შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუმცა მინდა, თბილისელებს სრულიად გულწრფელად ვუთხრა ერთი რამ - ათასჯერ უფრო ბედნიერი ვართ, როდესაც თქვენი საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება, როდესაც ვახერხებთ ხელი შეგიწყოთ სწავლასა თუ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, გადაგიჭრათ წლობით მოუგვარებელი პრობლემები; როდესაც იგება გზები, ქალაქს ემატება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეაბილიტირდება შენობები, ლამაზდება ქალაქი. არავის ისე არ ახარებს ეს სიახლეები, როგორც ჩვენ. ამ ყველაფრის უკან კი დგას თბილისის მუნიციპალიტეტის დიდი გუნდის ყოველდღიური, 24-საათიანი შრომა. მინდა, თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა აქვე, მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს, მათ შორის, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც თავიანთი განცხადებებით, საზოგადოებას სწორი დასკვნების გამოტანაში ეხმარებიან.

 

„მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს საკრებულოში, უმრავლესობის წარმომადგენლებს. სწორედ თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, ღირსეულად ვემსახუროთ ქალაქს, გავუმკლავდეთ გამოწვევებს და განვახორციელოთ ბევრი სასიკეთო პროექტი. ვფიქრობ, თქვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკრებულოში, ასევე იმსახურებთ მადლობას, რადგან მართალია უმეტესად უსაფუძვლო, სპეკულაციებითა და ცილისწამებით გაჯერებული განცხადებები გვესმის თქვენგან, მაგრამ ამით სწორედ თქვენ ეხმარებით მოსახლეობას სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების თუ დასკვნების გამოტანაში. არჩევნებზეც შედეგი სახეზეა - მომდევნო წლების განმავლობაში ეს ასე იქნება და ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ მადლობა თბილისელებსაც გადაუხადა და დღეს, 20:00 საათზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დაპატიჟა.

 

„დიდი მადლობა ჩვენს თბილისელებს, რომელთა მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა გვაძლევს სტიმულს და გარანტიას, რომ მომავალი 2024 წელი იყოს ბევრად მეტი სასიკეთო ცვლილებების მომტანი დედაქალაქისთვის. ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობაა, სადაც შესაძლებელია ერთმანეთს გავუზიაროთ კეთილი სურვილები. გელოდებით ყველას დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ, ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე და ვუსურვოთ ევროპული მომავალი ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner