logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პასუხია ქვეყნის, ხალხის ისტორიულ ევროპულ არჩევანზე
- +

15 დეკემბერი. 2023. 11:57

 

 

საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მომენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდთან ერთად შევხვდი! ვულოცავთ სრულიად საქართველოს, სამინისტროს გუნდს, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ამ ისტორიულ დღეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი Facebook-ზე წერს.

 

„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შეუქცევადს ხდის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და წარმოადგენს საქართველოს ისტორიული მისწრაფების, მრავალწლიანი შრომისა და ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის ცალსახა აღიარებას.

 

ეს გადაწყვეტილება სრულად ეფუძნება ხელისუფლების, საჯარო სექტორის, საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო სამსახურების ეფექტიანი და დაუღალავი მუშაობის აღიარებას, ასევე, ეს არის პასუხი ქვეყნის, ხალხის ისტორიულ ევროპულ არჩევანზე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს და რაც ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით, კონსტიტუციაში არის გაწერილი.

 

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ის ხელშესახები პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე მივაღწიეთ რეფორმების განხორციელების კარგად გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკით. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებისა და რეიტინგების მიხედვით საქართველო კვლავ ერთ-ერთი ლიდერი რეფორმატორია, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ ზოგადად ევროპულ ქვეყნებს შორის.

 

ევროპული საბჭოს მიერ აღიარებულია საქართველოს პროგრესი. საბჭო დადებითად აფასებს წევრობის ვალდებულების აღების მიმართულებით საქართველოს მომზადების დონეს.

 

მსურს კვლავ დავადასტურო, რომ დღეისათვის საქართველო მზად არის ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობისთვის, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დროულად დასაწყებად.

 

ევროკავშირში გაწევრიანების გზა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია.

 

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ მთავრობა გააგრძელებს რეფორმების პროცესს ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ვალდებულებების და ევროკავშირის მიერ რეკომენდებული სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების შესაბამისად.

 

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დღიდან დაუღალავად ვმუშაობთ იმ პროგრესისთვის, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს სწორედ დღეს აღვნიშნავთ და გვაქვს სრული მზაობა, ასევე თანმიმდევრული ნაბიჯებით, ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე, რათა მივაღწიოთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“, - წერს დარჩიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner