შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლების ფარგლებში, 2023 წელს 26 ერთეული სპეცმანქანაა შესყიდული, საერთო ღირებულებით - 9 288 638 ლარი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, 2024 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება 65 ერთეული სპეცმანქანის მოწოდება, აქედან 2 ერთეული სპეცტექნიკა უკვე შემოსულია. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 9 564 750 ევროს შეადგენს.
აგრეთვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში, ხოლო დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2024 წლის მესამე კვარტალში.
წელსვე ბოჭორმის ქუჩაზე დამონტაჟდა 23 ერთეული მიწისქვეშა ურნა, ღირებულება - 988 080 ლარი; წერეთლის გამზირზე მიწისქვეშა კონტეინერების სისტემის მოწყობა დაიწყო, რისთვისაც შესყიდულია 200 ერთეული ურნა, საერთო თანხით 9 700 000 ლარი.
მიმდინარე წელს, ქალაქის მასშტაბით, საერთო ჯამში 3920 ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდა, რისთვისაც 2 053 349 ლარი დაიხარჯა. ასევე, წლის ბოლოსთვის განთავსდება 2 000 ერთეული კონტეინერი, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 172 000 ლარი.
ქუჩებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავება ხორციელდება 12 340 951 კვ.მ ფართობზე, შიდა კვარტალური ქუჩებისა და ეზოების დასუფთავების სამუშაოები - 5 508 017 კვ.მ-ზე, სკვერების დასუფთავება - 3 601 896 კვ.მ ფართობზე, ხევებისა და ფერდობების დასუფთავება - 2 001 200 კვ.მ-ზე, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავების სამუშაოები - 12 930 კვ.მ-ზე. წელს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე 455 629.6 ტონა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი განთავსდა“, - განაცხადა კალაძემ.