„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათავო ოფისში პრეს კონფერენციას უმასპინძლა.
პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, რომლიდანაც მეორე ტრანშმა 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პროგრამა პირველ მდგრადობასთან დაკავშირებულ და, ასევე, პირველ და ერთადერთ მძიმე მრეწველობის სექტორის მოთამაშის შეთავაზებას წარმოადგენს საქართველოში.
2023 წლის აპრილში გამოშვებული პირველი ტრანში, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში პირველი კორპორატიული ობლიგაციების ემისია იყო. პირველი ტრანშის საპროცენტო განაკვეთი 9.00% იყო. მეორე ტრანში კომპანიამ გაუმჯობესებული საპროცენტო განაკვეთით, 8.50%-ით, განათავსა. ფასის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნის (oversubscription) შედეგად, რომელმაც განთავსებული მოცულობის 150% შეადგინა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 75 ინვესტორი ჰყავს.
„ჯეოსთილის“ გეგმით, პირველი ტრანშის მოცულობიდან 5 მილიონი აშშ დოლარი და მეორე ტრანშის სრული მოცულობა, 5 მილიონი აშშ დოლარი, მოხმარდა საწარმოო დანადგარების ოპტიმიზაციასა და ახალი ენერგოეფექტიანი დანადგარების შეძენასა და დანერგვას. აღნიშნული კაპიტალური პროექტების შედეგად კომპანია მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო პროცესში ბუნებრივი აირის მოხმარებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კომპანიის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს. პირველი ტრანშის დარჩენილი თანხა, 10 მილიონი აშშ დოლარი, სრულად მოხმარდა არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდა კომპანიის დაფინანსების პირობები, მათ შორის, ვალდებულებების ვადიანობის და ლიკვიდურობის პროფილი.
ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით კომპანიას შემუშავებული აქვს მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩო (Sustainability-Linked Bond Framework), რომელზეც „მეორე მხარის მოსაზრება“ (Second Party Opinion) დამოუკიდებელმა შემფასებელმა, DNV Business Assurance Norway AS-მა გასცა. აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში კომპანია გეგმავს თავისი საწარმოო გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირებას, რაც თანხვედრაშია კომპანიის გარემოსდაცვით მიზნებთან.
პროგრამის ფარგლებში დანარჩენილი ტრანშ(ებ)ის ემისია 10 მილიონ აშშ დოლარამდე იგეგმება 2024 წლის პირველ ნახევარში, იმის გათვალისწინებით, რომ ობლიგაციების პროგრამა ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარამდე ემისიას ითვალისწინებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ გარიგების განხორციელებაში ჩართული მხარეები და კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები, ხოლო პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ:
ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“, მმართველი დირექტორი
ჯაიდიპ სინგ კაპური, „ჯეოსთილის“ დირექტორი
დავით აბესაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
სპიკერებმა და ღონისძიებაში მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შორისაც იყო გარიგების დანიშნულება და უპირატესობები კომპანიისთვის, „გალტ & თაგარტის“ როლი ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება გარიგების თუ ზოგადად სავალუტო ობლიგაციების მიმართ და კაპიტალის ბაზრის ძირითადი ტენდენციები.
ბალაკრიშნან საჯივი, „ჯეოსთილის“ გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ „ჯეოსთილმა“ ჯამურად დაგეგმილი $30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანში, $5 მილიონი აშშ დოლარი, წარმატებით გამოუშვა. ეს არის პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. კომპანია ისწრაფვის თავისი მდგრადი მიზნების შესრულებისკენ და სურს უწყვეტი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვიმედოვნებთ, რომ ტრანზაქცია წაახალისებს მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და სხვა კომპანიებს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ მათაც დაიწყონ მუშაობა მაღალი გარემოდასცვითი, სოციალური და მმართველობის სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და ამ მხრივ წვლილი შევიტანეთ საქართველოს მძიმე მრეწველობის სექტორის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს განთავსების აგენტს - „გალტ ენდ თაგარტს“ და ყველა სხვა ჩართულ მხარეს."
ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ წარმოადგენდა პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პროგრამის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში და ქვეყნის უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიას, „ჯეოსთილს“ შესაძლებლობა მისცა ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსება მოეპოვებინა. ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი მსგავსი, ბაზრისთვის ინოვაციური გარიგება წარმატებით განხორციელდება. ხაზს გავუსვამ, რომ მდგრადი ფასიანი ქაღალდების მიმართულებით „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე ინოვატორი საინვესტიციო ბანკია. მომავალშიც ვფიქრობთ, არაერთ სხვა საინტერესო, მათ შორის მდგრად, პროდუქტს შევთავაზებთ როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე კომპანიებს.“
შპს „ჯეოსთილის“ შესახებ:
შპს „ჯეოსთილმა" 2007 წელს დაიწყო სრულიად ავტომატიზირებული ფოლადის ქარხნის მშენებლობა საქართველოში, ქალაქ რუსთავის ინდუსტრიულ ნაწილში. 2010 წელს ქარხანამ პირველი პროდუქტი აწარმოა. ამჟამად „ჯეოსთილი“ ძირითადად აწარმოებს ფოლადს, არმატურას.
„ჯეოსთილი“ JSW Steel Netherlands BV (JSW) და Georgian Steel Group Holding–ის (GSGH) ერთობლივი საწარმოა. JSW არის გლობალურად ცნობილი სახელი ფოლადის წარმოების სფეროში, რომლის საქმიანობა ვრცელდება: სამთო მრეწველობის, ენერგეტიკის, ცემენტის, მშენებლობის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში. Georgian Steel Group Holding-თან პარტნიორობამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო არმატურის უმსხვილესი მიმწოდებელი საქართველოში 52%-იანი ბაზრის წილით. მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ გვერდზე.
სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:
სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge