პარლამენტმა ე.წ. სამშენებლო ამნისტია დაამტკიცა. ცვლილებები „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონსა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განხორციელდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ასობით ათასი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლია, რომელთან დაკავშირებითაც თავის დროზე სამშენებლო დოკუმენტაცია არ გაცემულა, არ არსებობდა შესაბამისი პროექტები ან ექსპლუატაციაში მიღების აქტი და საკითხი მოწესრიგებას საჭიროებს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოების შემსრულებელ პირად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი განისაზღვრება. როგორც მთავრობა განმარტავს, სერტიფიცირებული პირის მიერ ჩატარებული საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოები შესრულებული იქნება მაღალი ხარისხით, ერთიანი სტანდარტების გათვალისწინებით, რაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სრულყოფილი მონაცემების დარეგისტრირებას განაპირობებს.
რაც შეეხება „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებას, ეს არის ე.წ. სამშენებლო ამნისტია. პროექტის მიხედვით, კანონიერად ჩაითვლება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2024 წლის 1 იანვრამდე მიწის მესაკუთრის მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მშენებლობა.