„იშვიათი და უდიდესი პატივია, ამ ისტორიულ დღეს მოგმართოთ ქართველ ხალხს. გილოცავ, საქართველო - მდიდარო, მრავალსაუკონოვანი ისტორიითა და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებით და ბრძენკაცებით. მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის. შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო - გილოცავ დღევანდელ დღეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მისივე ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.
„მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენს სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე. ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა. ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალო გეოგრაფიაა და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა, ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.