პოლონეთის ახალდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა 2010 წლის სმოლენსკის კატასტროფის ხელახალი გამოძიების ქვეკომისიის გაუქმების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განკარგულების თანახმად, 2016 წელს შექმნილი ქვეკომისია ლიკვიდაციას ექვემდებარება.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იანუშ სეიმეიმ დასძინა, რომ უახლოეს მომავალში ასევე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც გააანალიზებს ქვეკომისიის საქმიანობას.
"დღეს, 15 დეკემბერს, მინდა განვაცხადო, რომ ეს არის პოლონეთის სახელმწიფოს სახელით ტყუილის დასასრული. ეს არის ასობით მილიონი ზლოტის დახარჯვის დასასრული იმ ქმედებებზე, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ კატასტროფის მიზეზების ახსნასთან, მაგრამ ბევრი რამ აქვთ საერთო პოლიტიკასთან", - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა.
პოლონეთის ყოფილი მთავრობა ამტკიცებდა, რომ 2010 წელს ავიაკატასტროფა რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან, რომლის დროსაც დაიღუპა პოლონეთის ხელმძღვანელობა, მათ შორის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რუსული სპეცოპერაცია იყო.