logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: შაპიტო ისვენებს, ხაბეიშვილი ცეკვავს!
- +

16 დეკემბერი. 2023. 13:12

 

 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბოკერიას ჩერგოლეიშვილის ციტირება მომიწევდა როდისმე.

 

„ნირწამხდარი ოპო ლიდერები რომ ქართველ ხალხს ულოცავენ იმას, რაზეც ამტკიცებდნენ რომ პრორუსულ რეჟიმს არავინ აღირსებს, ერთი სიამოვნებაა“, - თქვა და ერთი სტატუს-შოლტიც გადაჰკრა ყოფილ მეგობრებს.

 

არადა, სიმართლეა.

 

ოპოლიდერები კი ახსენა, მაგრამ აღარ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა.

 

თუმცა, რა გამოცანაც ესაა?!

 

***

ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში ქართული „მაიდნის“ მსურველებს და ისღა დარჩენიათ, მოჩვენებითად მაინც იზეიმონ.

 

ისე, ვაშაძეს და ხაბეიშვილს ზეიმი მაინცდამაინც წუწაობა ჰგონიათ და კი იწუწავეს კიდეც შამპანურებით.

 

მანამდე კეზერას რჩეულმა „სიმღერაც“ დასჭექა - კიდევ გოლი, კიდევ გოლიო და საერთოდ აღარ გახსენებია, ამერიკიდან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სულ კარგები რომ აგინა.

 

ვისაც მიშა არ მოსწონს, იმის ასე და ისეო, - ბრძანა უწიგნურმა ხაბემ და თემურ ალასანიასთან ერთად იმათ სიაში ჩაეწერა, კარგი, მამაპაპური ჭიტლაყი რომ ალალია.

 

ჩვენში დარჩეს, ხაბე, და, რასაც ქართველი ერი გაგინებთ შენც, ვანო მერაბიშვილსაც და თქვენს ბელადსაც, ერთი არ აგცდეთ!

 

ჯანში და ტანში გაამოთ!

 

***

ზურაბიშვილმა ისეთი ტყუილი წამოროშა, თვითონაც არ უნდა დაეჯერებინა, წესით.

 

შარლ მიშელმა დამირეკა და მომილოცაო.

 

არადა, თავად მიშელმა დაწერა - ღარიბაშვილს ვესაუბრეო.

 

რა მოკლე ფეხები აქვს ტყუილს და მითუფრო, გიორგი გაბუნიას ამბორის მერე...

 

***

მიშა მშვილდაძემ - რანაირად ზეიმობთ, როცა ლაზარე დაჭერილიაო.

 

მანამდე რომ გეკითხათ, სტატუსის ოცნებაში ხდებოდათ სული და თან, უბადრუკი სააკაშვილი კი არა, ლაზარეა დაჭერილიო...

 

ეჰ, მიშა, მიშა...

 

მშვილდაძეს არა, სააკაშვილს მივმართავ.

 

როგორ ადვილად დაგიკიდეს ფეხებზე და გაგცვალეს უკანალში საკუთარი მამის  დამჭრელ ლაზარეში?!

 

***

კვესიტაძემ, - უტიაშვილის კვესიტაძეზე ვამბობ, - უკრაინის დამსახურებაა, სტატუსს რომ ვეღირსეთო.

 

ის უკრაინა იგულისხმა, ზედ რომ გადავყევით და ჩვენს ანგელოზ ბავშვებს ერთი ხმა რომ დაამადლა „ევროვიზიაზე“...

 

***

ამ კეთროვანებმა ოღონდ ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის დამსახურება არ ახსენონ და სულ ხაზარაძეზე ჰკიდიათ, ვის დამსახურებად აღიარებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

 

მეტიც: ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე რომ ფოთლავთ, დაფოთვლა ისეთი უნდა.

 

***

ღარიბაშვილმა მადლობა რატომ გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსო?!

 

რატომ და იმიტომ!

 

პირველი იმიტომ, რომ, თუ რამე გაკეთდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, სწორედ ივანიშვილმა ჩაუყარა საძირკველი და მეორეც იმიტომ, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილია უმადური კაცი, ქვეყნის წინაშე გაღებული სიკეთე და მადლი რომ დაუკარგოს ადამიანს.

 

ახლა იგლიჯეთ თმები და ითვალეთ ბუზები.

 

***

ისე, გუბაზის ხმა არ გამიგია და ხომ კარგადაა?

 

ჩააგო ხმალი ქარქაშში თუ ისევ თემურ ალასანიას გზას მიჰყვება და ხელისუფლების დამხობის სცენარით გათვალისწინებული რევოლუციური შტაბის შექმნის დაგეგმარებაშია ჩართული?

 

მოიკითხეთ მაინც, მადლია.

 

***

მადლზე გამახსენდა.

 

მართლა მადლია სალომე ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები თავლაფდასხმული ოპოზიციის ლუსტრაციისთვის.

 

ლუსტრაციაც რომ გვერდზე გადავდოთ, ვეძახოთ ქაჯი ზურაბიშვილს - ვერ დააყენა წაკუზულ და მოამბორე პოზაში ყველა, ვინც დასცინოდა და „რეზიდენტ ...ქალად“ თვლიდა?!

 

აბსოლუტურად ყველა და თან ისე, რომ „პაკლონს“ „პაკლონზე“ უკეთებენ იმ ქალს, ხაბეიშვილის შემცვლელად ჩაფიქრებული გვარამია მისი სისხლის დალევით რომ იმუქრებოდა.

 

ერთიცაა: ვარაუდით ვგრძნობ, მალე ისევ დაუწყებენ გინებას და აკაკის „ღამურა“ მოგონება იქნება...

 

უბრალოდ, ჯერ ალასანიას სქემაში ასე არ წერია.

 

გეგმის მიხედვით, ჯერ „დედას გიჟი“ უნდა შეიწყალოს ოთარ ზურაბიშვილის დამ და სალომე სამადაშვილის ახალმა რჩეულმა.

 

ისე, გაუჭირდება თუ რა?!

 

ან, რამ უნდა გამაკვირვოს?!

 

სადაც ის გაუბედა ორბელიანის სასახლესთან მისულ შვილმოკლულ და ნაციონალების მიერ ნატანჯ მშობლებს და უთხრა - აქ რას მომივარდითო, ამის მერე რაღა უნდა გაგიკვირდეს კაცს?!

 

სადაც ბიძინა ივანიშვილს „ერთადერთი ოლიგარქი“ უწოდა და „მძ... ქოთნის“ თიკუნის შემრქმევ გიორგი გაბუნიას ხელზე აკოცნინა, მართლა რაღამ უნდა გაგვაკვირვოს, ძვირფასო მკითხველო?!

 

***

ისე, ზურაბიშვილზე ვსაუბრობ და არ დაგვავიწყდეს, - სავარაუდოდ, ბიძაჩემის „პობედის“ მსგავსად დაშლილი ოპოზიციის  პრემიერობის კანდიდატადაც მოიაზრებენ ჩამომხმარი და გაძვალტყავებული ოპოზიციის ბელადთა საფიხვნოში.

 

***

პრემიერობის კანდიდატი იქით იყოს და რაც ყოფილმა პრემიერმა იკადრა, ეს ცალკე „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ ამბავია.

 

გახარიამ არ დაიზარა და ცალკე ბიძინა ივანიშვილი მიალანძღა და ცალკე „ქართული ოცნების“ ლიდერები დაადანაშაულა კორუფციაში.

 

ვგიჟდები და ვერ ვიგებ, რატომ კადრულობენ და რატომ სვრიან იმ თეფშს, საიდანაც გუშინ „ჭამდნენ“?

 

რატომ ავიწყდებათ, რომ „ქაღალდის გარდა არსებობს კიდევ სინდისი“, - როგორც დიდმა ილიამ თქვა...

 

ივანიშვილი კოვიდის დროს იმალებოდაო, - განგვანათლა მოკლეფაშა ქემოკლიძის რეალურმა პროტოტიპმა და დაავიწყდა, რომ როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა.

 

მითუფრო, - ტყუილი და კიდევ მითუფრო, - ბინძური!

 

შორს წავალ, ძალიან შორს წავალ ახლა გიახუხაშვილის რჩეულზე საუბრით და აღარ დაგღლი, ძვირფასო მკითხველო.

 

ისედაც ადვილი მისახვედრია, რომ შემოდგომაზე, ვინ-ვინ და, გახარია ნამდვილად ვერ დაითვლის საპარლამენტო წიწილებს.

 

***

მელიას და მწყერჩიტას გზები საბოლოოდ გაიყარა და მათ ერთობას ვერც სააკაშვილის ყბადაღებულმა „ერთობის მანიფესტმა“ უშველა.

 

„ერთობის“ არ ვიცი და „გართობის“ მანიფესტი ნამდვილად იყო, ისე და იმგვარად ერთობიან მისი გამოქვეყნების შემდეგ მწყერჩიტა და მისი მეგობრები.

 

„ქეიფს ვიწყებ დილიდან, ვიქირავებ დილიჟანს, შიგ ჩავისვამ ლომებს ფაფარაშლილს“ - წაიღიღინა ვანოს და კეზერას ხელისბიჭმა და ჯერ იყო და ამერიკიდან გვიჭახუნებდა ჭიქებს, მერე იყო და „ლომებთან“ ერთად გააგრძელა სვლა...

 

ჰო, რა გიკვირთ?!

 

გიორგი ვაშაძე თუ არაა ლომი, აბა, მელიაა ლომი?

 

მოკლედ, - დაკა დოლი, გაწი გარმონი.

 

შაპიტო ისვენებს.

 

P.S.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის სახელითაც გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას და იმედს ვიტოვებ, მალე ბრიუსელიდანაც მოგილოცავთ და გახარებთ საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გაწევრიანებას ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში!

 

ოღონდ, ჭეშმარიტ ჟურნალისტთა გილდიას ვგულისხმობ...

 

თენგოგოგოტიშვილს, უტიაშვილისკვესიტაძეს და გიგასჩერგოლეიშვილს ბოკერია-სააკაშვილი-მერაბიშვილის ტრიომ მიულოცოს, რასაც 2024 წლის არჩევნებზე დაიჭერენ, - ის.

 

P.P.S.

„მაიდნის“ სცენარი ჩაუვარდათ-მეთქი, ვწერდი.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ისე გაუხარდათ ამ უღმერთოებს, როგორც ლენინის დანახვა უხაროდათ ბურჟუებს.

 

ასე „გაუხარდა“ მურმან დუმბაძესაც.

 

„შევარცხვინე ის ევროპა, თუ ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემს, შევარცხვინე!“ - თქვა და ჩვენც ვთქვათ პირდაპირ: მას ამ სიტყვების არ შერცხვა!

 

ისე, ის უფრო იქნებოდა საკვირველი, რომ შერცხვენოდა...

 

***

ჰოდა, ასე.

 

საქართველომ მოიპოვა სტატუსი.

 

ე.წ. ოპოზიცია კი იქცა „სტატუსდაკარგულთა“ სექტად და ერთობიან, როგორც შეუძლიათ.

 

***

ისევ გავმეორდები.

 

დაკათ დოლი, გაწით გარმონი.

 

შაპიტო ისვენებს.

 

ხაბეიშვილი ცეკვავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner