logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ერთობლივი პარტნიორობითა და თანამშრომლობით, 1-2 წელიწადში პრაქტიკულად პირდაპირ მივაწოდებთ შრომის ბაზარს იმ კვალიფიკაციის და უნარების ადამიანებს, რომლებიც დღეს ძალიან მოთხოვნადები არიან
- +

17 დეკემბერი. 2023. 22:07

 

 

„იმედის კვირამ“ მთავრობის ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. ერთ-ერთი, ვისაც ამ თემაზე გადამღები ჯგუფი ესაუბრა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იყო. 2024 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 508 მილიონი იქნება. მინიმუმ მილიარდი ლარი მოხმარდება 1000-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები. 2024-ის უკვე გაწერილ ამბიციურ გეგმას წინ უსწრებდა მიმდინარე წლის სამუშაო- კვლევები, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებები-რომელიც სკოლასთან ერთად განათლების შემდეგ საფეხურებსაც ეხება.

 

„ამიერიდან სახელმწიფო უკვე პროფესიულ განათლებაში იქნება როგორც ინვესტორი. ინვესტორი, რომელიც კერძო სექტორთან და დამსაქმებელთან ერთად გარდა ტექნიკური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერისა, რეალურად შექმნის მათთან ერთად საჯარო-კერძო პარტნიორობის რეალურ მოდელებს. ეს არის სრულიად ახალი ნოვაცია, რომელიც საქართველოში შემოვიდა. ვფიქრობთ, რომ ამ მიდგომით - ერთობლივი პარტნიორობითა და თანამშრომლობით, 1-2 წელიწადში რამდენიმეათასიან სიმძლავრეს შევქმნით, სადაც პრაქტიკულად პირდაპირ მივაწოდებთ შრომის ბაზარს იმ კვალიფიკაციის და უნარების ადამიანებს, რომლებიც დღეს ძალიან მოთხოვნადები არიან“, - განაცხადა მინისტრმა.

 

უკვე შერჩეული 7 პროფესიული მიმართულებით, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას კვალიფიციური კადრებით დააკმაყოფილებენ. პროფესიული განათლების რეფორმის შედეგები მაქსიმუმ ორ წელიწადში უნდა ვნახოთ. ის კი რაც, 2023 წელს განათლების მესამე საფეხურზე მთავარი მოვლენაა, სწავლის დავალიანების განულებაა 30 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტისთვის.

 

„დაახლოებით 5 ათასამდე სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი. დანარჩენებს ნებისმიერ დროს აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ შემდგომ სემესტრებსა თუ წლებში აღიდგინონ სტატუსი და დაუბრუნდნენ უმაღლეს განათლებას. ჩვენ 2023 წელს გავაორმაგეთ სტუდენტების სტიპენდია და 150 ლარის ნაცვლად 300 ლარი გავხადეთ წარჩინებული, წარმატებული სტუდენტებისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, თუ აქამდე დაახლოებით 2 500 სტუდენტი იღებდა 150-ლარიან სტიპენდიას, ეს რაოდენობაც გავაორმაგეთ და ახლა უკვე 5 000 სტუდენტი მიიღებს 300-ლარიან სტიპენდიას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner