გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო იყო „ვალენსიაში“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ ქულები წაართვა (1:1), – ასეთია პოპულარული ესპანური გამოცემა „რელევოს“ შეფასება ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩზე.
„მამარდაშვილმა „ბარსელონა“ ჩემპიონობას კიდევ უფრო დააშორა. ქართველის შესანიშნავმა თამაშმა „მესტალიაზე“ კატალონიელებს გამარჯვების შანსი არ მისცა. გიორგი მათ თავდამსხმელებს „კედელივით“ აღუდგა წინ.
„ბარსამ” ზედიზედ მესამე თამაშში ვერ გაიმარჯვა. თუ „ჟირონასა“ და მადრიდის „რეალის“ ქულებს შეხედავთ, ამ გუნდის ჩემპიონობის ალბათობა დაბალია.
მამარდაშვილმა არაერთხელ შეუშალა ხელი „ბარსას“ გოლის გატანაში. ლევანდოვსკის, პედრის, გიუნდოგანს, რაფინიას, ფერან ტორესს, ჟოაო ფელიშსა და არაუხოს არაფერი გამოუვიდათ“, – წერს ესპანური გამოცემა.