logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი ოთარ იოსელიანზე: ამიერიდან მისი დაბადების წელსა და დღეს 2023 წლის 17 დეკემბერიც დაუწყვილდება. უკვდავებსაც ხომ აქვთ გარდაცვალების დღეები
- +

17 დეკემბერი. 2023. 22:41

 

 

დღეს ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა.

 

გუშინ ჩამოვედი ბაკურიანიდან. მედიატური გამართა ქართველი ჟურნალისტებისთვის  „ბაკურიანი-2025“ საორგანიზაციო კომიტეტმა. ათას რამეზე ვისაუბრეთ. იმაზეც, თუ როგორ შეიცვალა ბაკურიანი ბოლო წლებში. ჩვენი ბაკურიანული თავგადასავლებიც გავიხსენეთ. მე, სხვათა შორის, ნახევარი საუკუნის წინანდელი ჩემი მოგონება გავუზიარე მეგობრებს.

 

„სტუდენტი ვიყავი, ბაკურიანში, ახალგაზრდა შემოქმედთა სიმპოზიუმზე, ფილტვების ანთება რომ დამემართა. „მზიურ ველში“ ვცხოვრობდით, დაბისგან მოშორებით. ჩემისთანები იქ ბევრი ვიყავით, იმისთანა – არავინ. მთელი 20 წლით უფროსი ოთარ იოსელიანი უკვე ოთარ იოსელიანი იყო. ორჯერ ჩავიდა დაბაში თავისი მანქანით, რომ ჩემთვის ექთანი ამოეყვანა ნემსის გასაკეთებლად. ორჯერვე თავად ჩაიყვანა უკან. პირადად არც მაშინ მიცნობდა და არც ახლა მიცნობს. ფეხზე რომ დავდექი, ის უკვე თბილისში წასულიყო. იმის მერე სულ მინდა, რომ ეს ამბავი გავახსენო და მადლობა ვუთხრა.“

 

არ ვიცი, ნახა თუ არა ჩემი ეს ნაგვიანები მადლობა, რომელიც წელს, 2 თებერვალს კომენტარად დავტოვე მარინა აბულაძის პოსტზე, რითაც იგი დიდ მაესტროს 89-ე დაბადების დღეს ულოცავდა. აქაც იმიტომ ჩავსვი წინწკლებში, რომ არაფერი შემიცვლია, ზუსტად გადმოვიტანე ის კომენტარი. ეს ფოტოც მარინა აბულაძის იმ პოსტიდან წამოვიღე.

 

წლევანდელი 2 თებერვალი ოთარ იოსელიანის ბოლო დაბადების დღე ყოფილა. ამიერიდან მისი დაბადების წელსა და დღეს 2023 წლის 17 დეკემბერიც დაუწყვილდება. უკვდავებსაც ხომ აქვთ გარდაცვალების დღეები“, - წერს პაატა ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner