საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში უწყების თავდაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა შეაჯამა.
„თავდაცვის უწყებისთვის 2023 წელი რეკორდული იყო - ვუმასპინძლეთ 27 სხვადასხვა ღონისძიებას, სწავლებას და, ასევე, საზღვარგარეთ 40 სხვადასხვა სწავლებაში მივიღეთ მონაწილეობა. მათ შორის იყო ისეთი სწავლებები, სადაც ევროპის ქვეყნების, NATO-ს წევრი და არაწევრი სახელმწიფოებიდან, 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და NATO-სთან თავსებად ძალად აყალიბებს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა NATO-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტებზე. მისი განცხადებით, ალიანსის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი დელეგაციის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თავსებადობაზე.
„NATO-ს ქვეყნებშიც კი, უმრავლესობაში, კომიტეტი, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სრული შემადგენლობით არ არის ნამყოფი. რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი თავსებადი ვართ მათთან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.