„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ცალსახად ევროინტეგრაციის მომხრეა. ჩვენ ევროპის სრულფასოვანი წევრობა გვსურს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ასე უბრალოდ ნათქვამი საკმარისი არ არის. განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში.
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ადამიანი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება სურს და ბევრს ჰგონია, რომ ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობებში დაბრკოლებაა. ბევრს ჰგონია, რომ ევრაზიული კავშირია კარგი. ყველა ეს ადამიანი ამომრჩეველია და ჩვენ გვსურს, რომ ისინი ჩვენს მხარდამჭერებად ვაქციოთ. ჩვენ გვსურს მათთან საუბარი, რათა ჩვენი აზრები გაიზიარონ.
ამიტომ ამ ადამიანებს ვეუბნებით: პირველი - საქართველო დღეს ევრაზიულ კავშირში ვერ შევა. ვერ შევა იმიტომ, რომ პოლიტიკური კონფიგურაცია ამის საშუალებას არ იძლევა. ვერ შევა იმიტომ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მეორე - საქართველო არც უნდა შევიდეს ევრაზიულ კავშირში იმიტომ, რომ ევრაზიულ კავშირს ერთიანი შემოსავლებისა და გადასახადების სისტემა აქვს, რაც ყოველთვის და ყველასათვის ეფექტური არ არის. სწორედ ამის გამო დატოვა უზბეკეთმა ევრაზიული კავშირი. მესამე - თუ საქართველო ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციას მიიღებს, რუსეთთან სავიზო რეჟიმიც გაუქმდება. ამის მაგალითია მოლდოვა, რომელსაც, ერთი მხრივ, რუმინეთთან აქვს უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ - რუსეთთან.
ჩვენ ვეუბნებით პრორუსულ ამომრჩეველს, რომ თუ საქართველო შევა ევროკავშირში, ეს ერთიორად გააიოლებს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას და ეკონომიკურ ურთიერთობებს. ანუ ევროპიდან უფრო სწრაფად დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობებს.
მეორე თემაა NATO. ჩვენ ყოველთვის ღიად ვამბობდით, რომ NATO ს წევრობა კარგია, რომ NATO იძლევა ტექნოლოგიებს, იძლევა მხარდაჭერას და დაფინანსებას. მაგრამ აქაც, ამ სიტყვების უბრალოდ თქმას არაფერი სიკეთე არ მოაქვს, რადგან საზოგადოება ამ საკითხშიც მეტად დაქსაქსულია.
ჩვენ ვიცით, რომ ამომრჩეველი გაბრაზებულია, გაბრაზებულია იმიტომ, რომ 20 წელია ესმის ბაქიბუქი და ტყუილი. ხელისუფლებები და სხვადასხვა პარტიები გვპირდებოდნენ NATO-ში გაწევრიანებას. პირველი ორი, სამი, ოთხი წელი ჩვენ იმედიანად ვიყავით, შემდეგი ორი- სამი წელი გულგრილობა დაგვეუფლა, შემდეგ სამ-ოთხ წელიწადში ჩვენ ნაწყენი ვიყავით. ახლა კი, გაბრაზებული ვართ და ამ ბაქიბუქის გამო ძალიან ბევრისთვის NATO დღეს უიმედო პერსპექტივაა. საზოგადოება დაპირისპირებულ მხარეებად გაიყო.
დღეს ჩვენ ვეუბნებით NATO-ს მოწინააღმდეგებს, რომ NATO-სთან მაინც უნდა ვითანამშრომლოთ. თუნდაც იმიტომ, რომ თვით რუსეთიც კი თან NATO-ს მტრობს და თან NATO-სთან თანამშრომლობს. ამიტომ ჩვენც უნდა ვითანამშრომლოთ NATO-სთან. მაგრამ ჩვენ საზოგადოებას ყალბ მოლოდინს არ ვუქმნით, არც თავს ვიტყუებთ და არც სხვას ვატყუებთ. ვიცით, რომ უახლოეს წლებში NATO-ში ვერ შევალთ, ამიტომ NATO-ს მოწინააღმდეგეებს ვეუბნებით: NATO-სთან ვითანამშრომლოთ, მაგრამ წევრად არ გვიღებენ და ამის გამო ერთმანეთთან ნუ ვიჩხუბებთ. წინა ხაზზე დავაყენოთ საქართველო, გავერთიანდეთ საქართველოს ირგვლივ.
„საქართველოს პატრიოთა ალიანსს" არასდროს უთქვამს, რომ აშშ ჩვენი მტერია, მაგრამ ჩვენ არ გავურბივართ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ღია კრიტიკას. ობამას ადმინისტრაცია, ალბათ, ყველაზე წარუმატებელია აშშ-ის ისტორიაში. წარუმატებლობა ლიბიაში, წარუმატებლობა ეგვიპტეში, წარუმატებლობა ისრაელთან ურთიერთობებში, წარუმატებლობა ირანთან ურთიერთობებში, სასტიკი მარცხი სირიაში, მარცხი უკრაინაში, მარცხი თურქეთში. ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ და რატომ არ უნდა ვისაუბროთ? ამაზე ღიად საუბრობს აშშ-ის კონგრესმენთა აბსოლუტური უმრავლესობა, აშშ-ის სენატორთა აბსოლუტური უმრავლესობა და ბოლოს, ამაზე ღიად საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი ტრამპი. ჩვენ იმის ნახევარიც არ გვითქვამს, რაზეც ბატონი ტრამპი საჯაროდ საუბრობს.
შესაბამისად, ჩვენს კრიტიკაში ეტიკეტის დარღვევას ვერ ვხედავთ. მე, როგორც ჟურნალისტს, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მაქვს ურთიერთობა ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან. ამერიკა თავად ელის ახალი რეიგანის გამოჩენას. ამერიკა თავადაა თვითკრიტიკული და ამისი ნათელი გამოხატულებაა მუდმივი დებატები აშშ-ის კონგრესსა და სენატში. კრიტიკა რომ დემოკრატიის ნაწილია, ამის მაგალითს თავად შეერთებული შტატები იძლევა. და ბოლოს, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ ჩვენი მთავარი სტრატეგიაც და ვექტორიც საქართველოა, ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა", - ნათქვამია „პატრიოტთა ალიანსის" გავრცელებულ განცხადებაში.