logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გვყავდეს დიდი რეზერვი
- +

18 დეკემბერი. 2023. 11:25

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში „თავდაცვის კოდექსზე“ ისაუბრა. მისი განცხადებით,  თავდაცვის ახალი კოდექსი უწყებაში არეგულირებს სამართლებრივ სფეროს. მინისტრმა განაცხადა, რომ გათვალისწინებულია ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება და მორგებულია ჩვენს რეალობას. მან, შვედეთის მაგალითზე, „ნებაყოფლობითი ვალდებულების“ პრინციპზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„კონკრეტულ ჯგუფებს უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს, ჩვენ ტოტალურად ყველას გავიწვევთ ჯარში. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც შეიძლებოდა მარტივად ინტეგრირებულიყო ჩვენს რეალობაში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნების, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიისა და ფინეთის. შვედებს აქვთ ასეთი ტერმინი - „ნებაყოფლობითი ვალდებულება“, რომელიც გულისხმობს ჯარისგან თავის არიდების მექანიზმების ჩაკეტვასა და  სამხედრო მოსამსახურეებისათვის პირობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მან.

 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასაწვევ პირთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებზე და გასაწვევ პირებს სთავაზობს მოქნილ პირობებს.

 

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გვყავდეს დიდი რეზერვი. კონვერსიული შესაძლებლობების პარალელურად, უნდა განვავითაროთ სამოქალაქო თავდაცვა, ტერიტორიული თავდაცვა. ჩვენ წელიწადში, დაახლოებით, 5 ათას ახალწვეულს გადავამზადებთ.  ეტაპობრივად მივაღწევთ იმას, რომ გვეყოლება ძლიერი რეზერვი“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.

 

„ახალწვეულის ანაზღაურება იყო 60 ლარი, 2025 წლიდან კი, 600 ლარი იქნება“,  - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალწვეულებს გადაამზადებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და ისინი მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის ფუნქციებს შეასრულებენ.

 

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა კონკრეტული ჯგუფის მიერ წარმოებულ გაწვევების საწინააღმდეგო კამპანიაზეც და აღნიშნა, რომ სამართლებრივ ხარვეზებზე უწყებას მყისიერი რეაგირება ექნება.

 

„თუ იქნება მცდელობა, რომ გაწვევის წინააღმდეგ კიდევ ახალი სამართლებრივი მექანიზმი მოიგონოს რომელიმე ჯგუფმა, ამაზე გვექნება ძალიან სწრაფი რეაგირება“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner