logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარის პოპულარიზაციის ყველა პროგრამას ძალიან დიდი ეფექტი და შედეგი აქვს
- +

18 დეკემბერი. 2023. 11:52

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2023 წელს ჯარის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, „ჯარის ბანაკსა“ და „ჩვენ ჯარზე“ ისაუბრა, რაც ერთი მხრივ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მეორე მხრივ, სკოლის მოსწავლეების სამხედრო ბაზებზე ვიზიტებს ითვალისწინებს.

 

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლება ინსტიტუციის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

„ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ პროექტი „ჯარის ბანაკი“, ფაქტიურად პირველი წელი იყო, როდესაც საზაფხულო ბანაკები გვქონდა, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ეს პროექტი ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, ვინც მომავალში უნდა გახდნენ ჯარისკაცები, დაინტერესდნენ ქართული ჯარით, ჯარში მსახურებით. პარალელურად, იმ პირობების პოპულარიზაციას ვეწევით, რაც შევქმენით. შევდივართ სკოლებში, ვხვდებით სტუდენტებს, და იმ მოქნილობით, რაც გავაკეთეთ, სტუდენტებს მივეცით საშუალება, სწავლის პარალელურად, წელიწადში ერთი თვე იმსახურონ და გაიარონ ჯარი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მსგავსი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner