„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, ანგარიში საკმაოდ პოზიტიურია, შესაბამისად, საქართველო, 2024 წელს გაზრდილი ეკონომიკით და მაღალი საერთაშორისო სტატუსით ხვდება, რომელიც უსაფრთხო გზაჯვარედინი, რეგიონის ლიდერი ქვეყანა და გეოპოლიტიკურად საინტერესო სახელმწიფოა.
„დეტალური და კვალიფიციური ანგარიში წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას. ბიუჯეტის ზრდა, ეკონომიკის შეუქცევადი დინამიკა, სახელფასო პოლიტიკა, სოცუზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა და რეგიონული განვითარება, რაციონალური საგარეო პოლიტიკა და საერთო ჯამში - 2023 წელს, საქართველო ხელშესახები წარმატებით ასრულებს, დაწყებული ეკონომიკური წინსვლითა და გაგრძელებული, დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება. ანგარიში საკმაოდ პოზიტიური და ვრცელია, რასაც მოკლედ ვერც განვიხილავთ. საბოლოო ჯამში - 2024 წელს, საქართველო ხვდება უპრეცედენტოდ გაზრდილი ეკონომიკით, უპრეცედენტოდ მაღალი საერთაშორისო სტატუსით, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის საიმედო და უსაფრთხო გზაჯვარედინი, ლიდერი ქვეყანა კავკასიაში და გეოპოლიტიკურად საინტერესო, სუვერენული სახელმწიფო მსოფლიოში“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.