"ჩვენი საერთო მტრები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან და იციან, რომ ისრაელის გამარჯვება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, რომელსაც შეერთებული შტატები უდგას სათავეში," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ ვიბრძვით სასტიკ მტერთან, რომელიც იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
იოავ გალანტმა პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს მანამ, სანამ "ჩვენ სრულად არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს".
"ჩვენ ვიცით ომის სირთულე. ჩვენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება. ჩვენი მტრებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს და ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით", - დასძინა მან.